„რამდენიმე წლის წინ სასაცილოდ მიგვაჩნდა ასეთი საკითხები, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ის, რაც სასაცილო გვეგონა და ირონიულად ვუყურებდით, ნელ-ნელა რეალობად იქცევა.

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ის, რაც რეალობად იქცევა სხვა ქვეყნებში, შემდეგ არის მცდელობა, სხვადასხვა გრანტის მეშვეობით, რეალობად იქცეს ჩვენს ქვეყანაშიც. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, აქედანვე მკაფიო პოზიციით ვიყოთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ლგბტ პროპაგანდაზე საუბრისას.

„ყველა ქვეყანას აქვს უფლება, საკუთარი ენობრივი სტანდარტები დაადგინოს; გადაწყვიტოს, უნდა თუ არა სქესის გამოყენება მიმართვების დროს, და იქ, შიგნითაც არის დიდი დისკუსია და უკმაყოფილება ამასთან დაკავშირებით. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოების მკაფიო პოზიცია იყოს ამასთან დაკავშირებით, მათ შორის, იქიდან გამომდინარე, რომ არ დაიწყოს ნელ-ნელა რაღაც გრანტების შემოდინება იმისთვის, რათა წახალისდეს საქართველოში სქესის მიხედვით დიფერენციაციის ხაზგასმა. იდეა ეს არის, – რომ სქესმა უნდა დაკარგოს თავისი ღირებულება, ადამიანური გაგება, რაც ყოველთვის ჰქონდა – მას შემდეგ, რაც ადამიანი არსებობს.

დღეს შეიძლება გვეცინებოდეს, – ვინ აგვიკრძალავს, რომ დედამიწას დედამიწა დავუძახოთ, მაგრამ ზუსტად ასე ხდება. დღესაც ასეთ საკითხებზეა საუბარი, რამდენიმე კურიოზული სიტუაციაც იყო, მაგალითად, კანადის პრემიერ-მინისტრმა სიტყვა “mankind” ანუ „კაცობრიობა“ გამოიყენა და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, რადგამ „კაცობრიობაში“ სიტყვა „კაცი“ არის მამრობითი სქესი და არ შეიძლება ამ სიტყვის თქმა. სამწუხაროდ, ასეთ აბსურდებზე არის სერიოზული მსჯელობა. ჩვენ შეიძლება დღეს გვეცინებოდეს ამ თემაზე, მაგრამ აქ სასაცილო არაფერი არ არის და საჭიროა ამაზე მკაფიო პოზიცია. მათ შორის, მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამაზე მკაფიო პოზიცია იქონიონ, ვინაიდან, როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, შემდეგ უკვე მათი მეშვეობით ხდება ასეთი ტიპის ნარატივების შემოტანა ქართულ დისკურსში“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.