ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის – შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ხალხი არჩევნებზე სათანადო პასუხს გასცემს ყველას, ვისაც სახელმწიფოებრიობის შეგრძნება და ეროვნული თავმოყვარეობა დაკარგული აქვს.

“2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ბევრი პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკური სუბიექტისთვის გადამწყვეტი არჩევნები იქნება. ვიღაც მოიგებს და ვიღაც წააგებს. მოგება-წაგება კი არ არის მთავარი, არამედ ის, რომ რადიკალურმა მავნებლურმა დაჯგუფებებმა, რომლებიც თავს პარტიას უწოდებენ და რომლებიც, ძირითადად, მაინც თავიანთი უცხოელი პატრონების ნებასა და დაფინანსებაზე არიან დამოკიდებულნი, იგრძნონ, რომ ქართველი ხალხის და ამომრჩევლის ნებას წინ ვერ აღუდგებიან; წაგებას შეეგუონ და აღიარონ, ყოველგვარი დესტაბილიზაციისგან თავი შეიკავონ; მომავალში ქართულ პოლიტიკისგან გამიჯვნაზეც თუ იფიქრებენ, ცუდი არ იქნება, თუ, რასაკვირველია სინდისი მისცემს მათ ამის საშუალებას.

ქართველი ამომრჩეველი პოლიტიკურად იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე მავანთ წარმოუდგენიათ. ეს ის ამომრჩეველია, რომლის სწორი გადაწყვეტილების შედეგად, უკვე მერამდენე არჩევნებია, ქვეყანას მშვიდობა, სტაბილურობა და მდგრადობა უნარჩუნდება. ასე იქნება წელსაც და არავის ვურჩევ, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც მართლაც დაკარგული აქვთ ეროვნული თავმოყვარეობა, ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდნენ”, – წერს სოციალურ ქსელში ნიკოლეიშვილი.