“ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციის საზღვარგარეთიდან დაფინანსებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის – შალვა პაპუაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“ხალხის ძალის” მიერ პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოტანილ კანონპროექტზე, სახელწოდებით: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ოპოზიციურმა სპექტრმა და არასამთავრობო სექტორმა პოლიტიკური ისტერიკა დაიმარათა.
ჩვენ ვიხილეთ ერთი გეგმით მოქმედი ანტისახელმწიფოებრივი გუნდი, რომელმაც დეზინფორმაციით – “ეს კანონი რუსულია” ახალგაზრდები ქუჩაში გამოიყვანა და მათ “მოლოტოვის კოქტეილები” ასროლინა.
ამას არ დასჯერდა და პარლამენტის წინ საკუთარი თავის ფარად ეს ახალგაზრდები აიფარა და სისხლისღვრისთვის მოამზადა, როგორც მათ დეზინფორმაციაზე მსხვერპლად შესაწირნი.
“ქართული ოცნება” და “ხალხის ძალა” არ და ვერ დაუშვებდა ახალგაზრდების იარაღად გამოყენებას და ჩვენ მოგებული პოზიცია დავთმეთ. ამ დათმობის ფონზეც კი, დესტრუქციული ოპოზიციური სპექტრისა და მეორე “მაიდნის” მომლოდინე დამფინანსებლების მიერ გასროლილმა მილიონებმა ფასი დაკარგა. ფაქტობრივად, ამ ხალხმა (ოპოზიციამ და დამფინანსებლებმა) რამდენიმე მილიონად ნაყიდ საკუთარი დანაშაულის აღიარებით დოკუმენტზე მოაწერეს ხელი და დამტკიცდა ის, რაც აქამდე შიგნიდან ასე კარგად ჩანდა! აგენტურა გაიშიფრა და მისაღები კანონი მიღების გარეშე მიღებულ კანონზე კარგად ამუშავდა!
ჩვენ დღეს ვიცით, რომ ოპოზიცია მეტწილად დესტრუქციისათვის საზღვარგარეთიდან თითქმის ულიმიტო თანხებით ფინანსდება.
2024 წელი საარჩევნო წელია და ყურადსაღებია, რომ მათ მიერ მიღებული დაფინანსება არჩევნებში გარე ძალების ჩარევის ტოლფასია, რაც მორალური თვალსაზრისით გაუმართლებელია და განგაშის საფუძველია”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.