ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრეზიდენტის მიერ პატრიარქის შესახებ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„დილით დავწერე სალომე ზურაბიშვილზე ერთი-ორი სიტყვა, მაგრამ იძულებული ვარ, კვლავ გამოვთქვა ჩემი მოსაზრება მის კიდევ ერთ, რბილად რომ ვთქვა, უკიდურესად გაუაზრებელ განცხადებაზე, პატრიარქისა და ეკლესიის შესახებ. ფაქტობრივად, ზურაბიშვილმა იკადრა ის, რაც მანამდე არც ერთ პრეზიდენტს არ უკადრია. თურმე, ზურაბიშვილს არ მოსწონს ეკლესიაში არსებული სიტუაცია, – „ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეაო“. წარმოდგენა თუ აქვს, ვისზე და რას ამბობს?! მისი უწმინდესობა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ცოცხალია და ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს, ამ ქალბატონს კი ჰყოფნის თავხედობა და ახალ პატრიარქზე გვესაუბრება: „ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის.“ ვინ ეკითხება პატრიარქის არჩევას სალომე ზურაბიშვილს? აი, აქ გამოჩნდა მისი პატრონების კიდევ ერთი შეკვეთა – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და საპატრიარქოს გაკონტროლების მზაკვრული სურვილი, რომელიც თავიანთ უვიც აგენტს გაახმოვანებინეს! აგენტიც, ნაწილობრივ, გამნაღმველივითაა და საბედისწერო შეცდომას უშვებს. მგონი, ასე მოუვიდა სალომე ზურაბიშვილსაც და იმ ნაღმზე დააბიჯა ფეხი, რომელიც მის პოლიტიკურად დასამარებას დააჩქარებს!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.