„რუსთავის საქალაქო სასამართლოში რუსთავის ოპოზიციური საკრებულოს უმრავლესობა დამარცხდა უმცირესობაში მყოფ “ქართულ ოცნებასთან”. სასამართლომ დაადასტურა, რომ “ნაციონალური მოძრაობისა” და გახარიას კოალიციური საკრებულო ორი წლის განმავლობაში კანონდარღვევით, ხელოვნურად აფერხებდა რუსთაველების ინტერესებს და ხელს უშლიდა ქალაქის განვითარებას“, – განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
“ნაციონალებისა” და გახარიების დაჯგუფებას აქვს მცდელობა, უარყოს კოალიციის არსებობა, თუმცა, ეს ერთობა მათთვის იმდენად ორგანულია, რომ საკრებულოს თავმჯდომარე, თავის მოადგილეებთან და მთელ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, არ გაემიჯნა “ნაცების” კომისიების მიერ განხორციელებულ კანონდარღვევებს და, ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოეხადათ საზოგადოების წინაშე, სრულიად გაიზიარეს სასამართლოს მიერ დადგენილი კანონდარღვევის ფაქტები და შესაბამისი ბრიფინგებიც ჩაატარეს.
რუსთაველების წინაშე ჩადენილი ეს მავნებლობა, ეს კანონდარღვევა იყო აბსოლუტურად გააზრებული და წინასწარ, ჯგუფურად დაგეგმილი. ქართულ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონდამრღვევი პოლიტიკური წარმონაქმნების ადგილი არ არის. რუსთავის საკრებულოში არსებული “ნაცებისა” და გახარიას კოალიცია არის იმის ნათელი მაგალითი, თუ რამდენად ერთიანად და ერთნაირად უშლიან ეს ადამიანები ხელს რუსთავის განვითარებას, რამდენად არ აინტერესებთ რუსთაველების ინტერესები და პოლიტიკური მოტივებით რამხელა ზიანს აყენებენ რუსთაველებს, მათ შორის, საკუთარ ამომრჩეველს”, – აღნიშნა ირაკლი შატაკიშვილმა.
მისივე თქმით, დღეს, “ქართული ოცნების” პოლიტიკურ გუნდს უწევს იმ გამოწვევებთან გამკლავება, რომელიც სწორედ გახარიას პრემიერობის დროს წარმოიშვა.
“დღეს რუსთავისთვის ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ავტობანის ფონიჭალის მონაკვეთი, რომელიც სწორედ მათი პოლიტიკური ლიდერის პრემიერობის დროს დაკონსერვდა და ქალაქს ეკონომიკური პოტენციალის მოტანაში ხელი შეუშალა. ასევე, მათ დროინდელ გამოწვევებთან გვიწევს დღეს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გამკლავება, როდესაც ვსაუბრობთ რუსთავის წყალმომარაგებაზე. მათი საკრებულოს თავმჯდომარე იყო იმდროინდელ წყალმომარაგების კომპანიაში, ხელმძღვანელი პოზიცია ეკავა და არაფერი რაციონალური მას არ გაუკეთებია იმისათვის, რომ დღეს ამხელა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩასატარებელი არ გვქონდეს. ამის შემდეგ ეკავა ადგილობრივი თვითმმართველობის მერიაში მერიის მოადგილის პოზიცია, რომელიც სწორედ ინფრასტრუქტურულ მიმართულებას კურირებდა. ახლა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, ჩვენ, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გვიწევს ამ პრობლემასთან გამკლავება და დროის ფუჭად კარგვა. რუსთავში არსებული “ნაცგახარიების” ერთობა არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ქართულ საზოგადოებას ნებისმიერ დონეზე მათმა ხელისუფლებაში მოსვლამ, იქნება ეს ცენტრალური თუ ადგილობრივი. “ქართული ოცნება” ამას არასოდეს დაუშვებს”, – განაცხადა შატაკიშვილმა.