„დღეს პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, ეს ხომ არ არის ჟურნალისტების გაჩუმების მცდელობა. სიცრუის აკრძალვის მცდელობაა ეს, და არა მხოლოდ მცდელობა, შედეგიც, – იმიტომ, რომ ჟურნალისტების ნაწილი მიეჩვია იმას, რომ მოიტყუება და “გაატარებენ” ამ თემას. ალბათ, ცოტა მეტი დრო რომ მქონდეს, ყველამ ყოველ დღე უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ დავსხდეთ და ეს ტყუილები ვამხილოთ“, – ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სააპელაციო სასამართლოს მიერ პრემიერ-მინისტრის დედის, თამარ ზაალიშვილის სარჩელზე „TV პირველის“ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
„ქალბატონმა, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ და რომელიც არის უპატიოსნესი ადამიანი და თავისი საქმის ზეპროფესიონალი, ეს საკითხი უყურადღებოდ არ დატოვა და ძალიან კარგიც ქნა, რომ კიდევ ერთხელ ამხილა „TV პირველი“ იმ სიცრუეში, რასაც დღენიადაგ კადრულობენ, რაც იკადრეს შაბათს და როგორი მოკლე ფეხი აღმოაჩნდა ამ ტყუილს ცესკო-ს თავმჯდომარესთან მიმართებითაც სამდღიანი ტყუილი აღმოჩნდა და გაირკვა, რომ თურმე ყველაფერი წესრიგშია, თურმე კვლავ იტყუება „TV პირველი“, რაც არაერთხელ გაუკეთებია, და ეს, ხანდახან, მართლაც უნდა ვამხილოთ. თუმცა ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ “გატარება” გვიწევს ხოლმე ამ საკითხების, იმიტომ, რომ ყოველ დღე იტყუებიან და ყოველ დღე საჩივრებს ხომ არ დავუწერ? მაგრამ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ის, რომ დაჯდე, დაამუშაო სარჩელი და ამხილო ეს ხალხი ამ ტყუილში და იმ ძალიან ცუდ საქციელში, რაც ამ ტყუილს მოსდევს ხოლმე და რისი კამპანიებიც აქვთ დალაგებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.