„ეტყობა, ცოტა ბედის ირონიაც არის: როცა ჩვენ ამ დარბაზში ვსაუბრობთ მნიშვნელოვან ინიციატივაზე – სამოკავშირეო პროკურორის უფლებამოსილების გახანგრძლივების საკითხზე ევროპულ საპროკურორო და საპოლიციო სტრუქტურებში, დღეს გავრცელდა კადრები ჩვენი მეგობარი ქვეყნის – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საკანონმდებლო დაწესებულების დარბაზიდან და ვიხილეთ ზურაბ ადეიშვილი საპატიო სტუმრების ლოჟაში. საპატიო ლოჟაში ვიხილეთ ადამიანი, რომელიც კონკრეტული უმძიმესი და არაერთი ჩადენილი დანაშაულის გამო გადახვეწილია ამ ქვეყნიდან და იძებნება ჩვენი კანონმდებლობით. ადამიანი, რომელმაც საშინელი კვალი დატოვა საქართველოს უახლეს ისტორიაში, თავის ავაზაკ მეგობრებთან ერთად, და ასეთი ბევრი იყო მაშინ და ახლაც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა.
„მე გაგახსენებთ მის „საგმირო“ საქმეებს:
ზურაბ ადეიშვილი ბრალდებულია ე.წ. რობაქიძის საქმეზე; “ტელეიმედის” 2007 წლის 7 ნოემბრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის საქმეზე; ე.წ. ციხის კადრების საქმეზე; უკვე მსჯავრდებულია „აკურას“ ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე; ტელეკომპანია „იბერიის“ საქმეზე; ბანკ „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე და ერთ-ერთ ყველაზე საზარელ საქმეზე, რომელიც მას და მის ხელისუფლებას დაემართა – კობა დავითაშვილზე თავდასხმის საქმეზე, რომელსაც შეეწირა კიდეც ბატონი კობას სიცოცხლე.
ასეთ ადამიანს ჩვენი მეგობრები, კოლეგები დიდი პატივით იღებენ ბუნდესტაგში, რაც, ჩემი აზრით, აბსოლუტურად ტრაგიკული მოვლენაა. ის და მისი მაგვარი კრიმინალები ბოლომდე რომ შეიამხანაგეს ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა, ესეც სამწუხარო ფაქტია, ეს არახალია, ძველი მოვლენაა უკვე და ვერ ვიტყვი, რომ შევეგუეთ, მაგრამ თვალი გავუსწორეთ ამ საშინელ სიმართლეს. მაგრამ ადამიანი, რომელმაც, სხვებთან ერთად, ფაქტობრივად, ანგარიში გაუსწორა თავის ქვეყანასა და თავის ხალხს, საზოგადოებას (და ამით ისიც ამაყობდა, როგორც ჩანს, და ძალიან ბევრი მისი თანამეინახეც), ახლა ასე საპატიო სტუმრად არის მიღებული ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნის პარლამენტში და ამაზე, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ განმარტებებს მოვისმენთ“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.