„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის – გიორგი ვაშაძის მიერ პროდუქტებზე ფასების მატების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„დღეს “ჭიჭე” ვაშაძემ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის თემის გადაფარვა ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების გაზრდის პრობლემით სცადა. მართალია, არ მოუყვანია ბოლო წლებში ზოგან უმნიშვნელო, ზოგან – მნიშვნელოვანი სახელფასო მატება, მაგრამ მისი ლოგიკიდან გამომდინარე, ფასების შემცირების ერთ-ერთი მექანიზმი ლგბტ პროპაგანდაა.

ამ ლოგიკას უფრო ღრმად რომ ჩავწვდეთ, ნიკიტა ხრუშოვის კომუნიზმის დამყარებისკენ მიმავალი კურსი კაპიტალისტურ დასავლეთს რომ არ შეეჩერებინა, 1980 წლიდან აღარც ფული გვექნებოდა და აღარც ფასიანი პროდუქტი. და თუ სადამდე ავარდებოდა ფასები პროდუქციაზე, მათ შორის, “ჭიჭეს” ინიციატივით, რუსეთისთვის სანქციები რომ გამოგვეცხადებინა, ამას ჭიჭე ვერც ნარკოტიკების “კრიმინალიზაციის” თუ პროსტიტუციის ლეგალიზაციის თემებით ვერ გადაფარავდა.

ძალიან გვინდა, რომ საწვავზეც და სხვა ძირითად პროდუქციაზეც გაზრდილი ფასები დავარდეს, მაგრამ იმის მტკიცება, რომ თბილისმა მსოფლიოს უმსხვილეს დედაქალაქებს გადაასწრო ამ კომპონენტში, მეტისმეტია, “ჭიჭე”. ევროპაშიც გვყავს სანათესავო და ამერიკაში. ვერ გადაფარავთ, ვერა! ეროვნული ღირებულებები ამ ქვეყანაში კანონით იქნება დაცული! თქვენ კი მოგიწევთ საარჩევნო კამპანიის გაგრძელება ფერნაკლული ცისარტყელას ქოლგების ჩრდილში, რამეთუ ცხელი ზაფხულ/შემოდგომა გელით“, – წერს ქართველიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.