„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩის – პაველ ჰერჩინსკის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას პოზიცია ევროკავშირის ლიდერების პოზიციისგან განსხვავებულია.

„დღეს, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ფოტიგას პოზიცია სააკაშვილის შეწყალებაზე სხვაა, როგორც რიგითი ევროპარლამენტარის და მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ხოლო ევროკავშირის ლიდერების პოზიცია სხვაა და ეს ყველასათვის ცნობილია. მივესალმებით ასეთ დაკონკრეტებას. ჩვენც ყოველთვის ამას ვაცხადებთ, რომ ევროკავშირი არ არის ერთი რიგითი ევროპარლამენტარის პოზიცია. ევროპა ბევრად უფრო დიდი ღირებულებებია, ვიდრე სააკაშვილის ლობისტების მოსაზრებები. საქართველოს აქვს სახელმწიფოებრივი ურთიერთობები ევროკავშირთან. სააკაშვილი კი, ინდივიდუალურ ურთიერთობებსა და ლობისტებზე დაყრდნობით მართავდა ქვეყნის მომავალს.

კარგი იქნება, ყოველთვის, როდესაც ყოფილი პრეზიდენტის პირადი მეგობრები და ლობისტები გააკეთებენ ფოტიგასნაირ განცხადებებს, მოჰყვეს ახსნა ევროპიდან, რომ ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია, თორემ ქართველი ხალხისთვის მთლიანად ევროპა ხდება სალანძღავი, რაც ჩვენ არ გვსურს.

ევროპისკენ ქართველ საზოგადოებასთან ერთად მივდივართ და ჩვენმა პარტნიორებმაც და ყოფილი პრეზიდენტის პირადმა მეგობრებმაც ანგარიში უნდა გაუწიონ ამ საზოგადოების შეხედულებებს. ქართველი ხალხისთვის მიხეილ სააკაშვილი არის სისხლიანი რეჟიმის მეთაური. ის სამართლიანად იხდის სასჯელს და პარტნიორების მხრიდან ამის აღიარება სწორედ ჩვენი მართლმსაჯულებისა და ჩვენი ხალხის დაფასებაა”, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.