“ჟიული შარტავას სახელთან ასოცირდება ისეთი ზოგადსაკაცობრიო ჭეშმარიტი ღირებულებები, როგორიცაა სამშობლო, მოყვასის სიყვარული, თავგანწირვა”,- წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, წლები კიდევ უფრო მონუმენტურსა და დიადს ხდის ჟიული შარტავას პიროვნებას.
“ის დარჩება საქართველოს ისტორიაში როგორც წამებული გმირი, ვაჟკაცობისა და რაინდობის სიმბოლო. ასეთი იყო სიცოცხლეშიც და ასეთად უკვდავყო თავისი სახელი მოწამებრივი სიკვდილით.
ჟიული შარტავა არის სწორედ ერთიანი საქართველოს სულის უკვდავების განსახიერება, რომელიც დროისა და ყოველივე წარმავალის მიღმაა. წლები კიდევ უფრო მონუმენტურსა და დიადს ხდიან მის პიროვნებას, ხოლო მისი თავდადება სიამაყით გადაეცემა თაობიდან თაობას, ჩვენ შთამომავლობას.
დღეს ჟიული შარტავას დაბადებიდან 80 წლის იუბილეა და სრულიად საქართველო პატივს მიაგებს მის ნათელ ხსოვნას, ქედს იხრის მისი გაუტეხელი სულის და მამულიშვილობის წინაშე”,- წერს პარლამენტის თავმჯდომარე.