„სისხლის სამართლის პრინციპებზე საუბრობს ევროპის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე ასოცირებულია რეკეტთან, წამებასთან, გაუპატიურებასთან, მკვლელობასთან. ამ სისტემის სათავეში იდგა ის, სააკაშვილთან ერთად. ამ ადამიანს [ადეიშვილს] რომ ელაპარაკებიან, ეს არის შეურაცხმყოფელი. არ შეიძლება, რამემ პროდასავლური განწყობა ისე გააფუჭოს, როდესაც ქართველი კაცი თუ ქალი უყურებს იმას, რომ ადეიშვილი – უსისხლო, ცივი გონებით მწამებელი ლაპარაკობს სისხლის სამართლის პრინციპებზე“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

„ამაზე დიდი შეურაცხყოფა, ანტიდასავლურობა, ანტიევროპულობა რამ უნდა გააჩინოს საქართველოში, მე ვერ წარმომიდგენია. ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა, ნებისმიერი იმ ადამიანის, რომელსაც, უბრალოდ, ინფორმაცია ჰქონდა; ეს არის დაცინვა მთლიანად, ქართული საზოგადოების. მგონია, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, კოლეგები უნდა გაფრთხილდნენ ამ ურთიერთობებში, როდესაც ადეიშვილს არათუ ელაპარაკებიან, არამედ, თუნდაც, უსმენენ, როცა ის სისხლის სამართლის პრინციპებზე ლაპარაკობს, იმიტომ, რომ სინამდვილეში, ის წამების დახვეწის პრინციპებზე ლაპარაკობს და მეტი მის გონებაში არ შეიძლება რამე მოიხარშოს. ეს წარმოუდგენელია.

ეს შეურაცხყოფს არა მხოლოდ მართლმსაჯულებას, არამედ ქართველ ხალხს, თითოეულ ადამიანს შეურაცხყოფს, ვისაც კი გაუგია ადეიშვილის შესახებ.

როგორ შეიძლება, ადეიშვილი რეფორმებზე ალაპარაკო?! შეიძლება, ჟურნალისტმა სერიოზული სახით მკითხოს: “როგორ, ადეიშვილი არ იყო რეფორმატორი?” რეფორმატორად მიაჩნიათ ადეიშვილი და მერე უნდა ვილაპარაკოთ, ტყუილი სად არის და სად არის სიმართლე. აქ დგანან ჟურნალისტები, რომლებსაც ადეიშვილი და სააკაშვილი მიაჩნიათ რეფორმატორებად. მას [ადეიშვილს] ხვდებიან ჩვენი ევროპელი პარტნიორები და მათი წარმომადგენლები. ეს არის მართლმსაჯულების, სიმართლის, მორალის შეურაცხყოფა. ქართველი ხალხისა და საზოგადოების შეურაცხყოფაა, ადეიშვილს პრინციპებზე რომ ალაპარაკებენ და უსმენენ. თუკი რამე ანტიდასავლური აღქმა შეიძლება ამ ქვეყანაში გაჩნდეს, ამის გამო შეიძლება გაჩნდეს, ამას ველაპარაკებით და ვარწმუნებთ დღენიადაგ და, თუ დარწმუნდებიან, ძალიან კარგი იქნება. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ ამას. ადეიშვილს რომ ელაპარაკებიან სამართლის პრინციპებზე, ეს რა არის, იცით? მე მგონი, ვიღაცებს მიზანმიმართულად უნდათ, რომ ანტიევროპული განწყობები გაჩნდეს საქართველოში და მერე დადგებიან და “რუსული-რუსულს” ყვირიან ხოლმე დილიდან საღამომდე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.