უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე განცხადებას ავრცელებს:

„მსურს გამოვეხმაურო 2024 წლის 9 მარტს “TV პირველზე” გასულ ცრუ ინფორმაციის შემცველ სიუჟეტს, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და არა მხოლოდ ჩემი და ჩემი ოჯახის, არამედ მთელი სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას.

აშკარაა, რომ სიუჟეტის მიზანი იყო სასამართლო სისტემის წინააღმდეგ ახლახან დაწყებული ნეგატიური კამპანიის მხარდაჭერა მოსამართლეთა „ვეტინგის“ პროცესით შემოწმების მიზნით გაურკვეველი შემადგენლობის კომისიის შექმნის თაობაზე და არა საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება ჩემს ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

კანონის შესაბამისად, ჩემ მიერ წარდგენილი დეკლარაციებიდან დიდი ხანია, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ვახორციელებ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობას სოფელ წავკისში. რაც შეეხება ჩემი და ჩემი ოჯახის შემოსავლებს, კიდევ ერთხელ განმარტავ, რომ მხოლოდ ჩემი და ჩემი მეუღლის ხელფასი 2023 წელს იყო 220 424 ლარი; ასევე, აღნიშნულ პერიოდში, დამატებით, აღებული მაქვს სესხი 100 000 ლარის ოდენობით, ჩემს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის გასხვისებით მივიღე 35 000 აშშ დოლარი და ჩემი ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალიდან – 50 000 აშშ დოლარი. ასევე, დამატებითი შემოსავლის სახით მიღებული მაქვს თანხა ჩემი კუთვნილი საცხოვრებელი ბინის (მდებარე ქ.თბილისში, თამარაშვილის ქუჩა, 13) ქირავნობის ხელშეკრულების შედეგად, თვიურად 1500 აშშ დოლარის ოდენობით.

ამდენად, 2023 წელს შემოსავლის სახით მიღებული მაქვს, დაახლოებით, 550 000 ლარი, რაც დეტალურად არის მოცემული ჩემ მიერ შევსებულ დეკლარაციაში. დამატებით, დედაჩემი – დარეჯან თავართქილაძე, დღევანდელი მდგომარეობით, განკარგავს მამისგან მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას. მას მხოლოდ სააქციო საზოგადოება “ბახტრიონიდან”, ხელფასის და დივიდენდის სახით, 2023 წელს მიღებული აქვს, ჯამში, 264 708 ლარი.

მოცემული ინფორმაცია არის საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი, მათ შორის, “TV პირველის” ჟურნალისტებისთვის. მიუხედავად ამისა, ჩვეული მონდომებით ეცადნენ წარმოეჩინათ, რომ ამ მოცულობის შემოსავლებით, დედის პენსიონერობაზე არაერთხელ ხაზგასმით, დაახლოებით, სამი წლის განმავლობაში, ვერ შევძლებდი ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას, რომელიც დღემდე არ არის დასრულებული. იმ ფაქტს, რომ სიუჟეტის მიზანი იყო მოსამართლეთა შემოწმების კამპანიის მხარდაჭერა და, ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია, საცხოვრებელი სახლის ღირებულება გადაჭარბებულად იქნა წარმოჩენილი, რასაც მხოლოდ ის ფაქტიც ადასტურებს, რომ 2016 წელს შეძენილი და, დღევანდელი მდგომარეობით, 18 წლის ავტომობილი, ეზოში არარსებული შადრევანი და 84 აშშ დოლარად ღირებული ჭაღი მოხსენიებულია როგორც ძვირად ღირებული ნივთები და ფუფუნების საგნები.

ყველაზე გულდასწყვეტია ჩემი ყოფილი კოლეგების კომენტარები, რომლებიც შეგნებულად მონაწილეობენ ამ სიცრუის ტირაჟირებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.