„ნიკა გვარამიას, მელიასა და სხვა „ნაცების“ გაერთიანებისთვის “ახლის” დარქმევა ისეთივე ოქსიმორონია, როგორც ცხელი თოვლი!“ – წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.
„ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო, – იფიქრეს გვარამია-მელიებმა, მაგრამ ის გამორჩათ, რომ მათი ბიოგრაფიიდან არაფერი დაგვვიწყებია. ძალიან კარგად ახსოვს ქართველ ხალხს, ვინ არიან და რას წარმოადგენენ ისინი! ზედმეტიც კი არის შეხსენება და იმ დანაშაულების ჩამოთვლა, რაც გვარამიას აქვს ჩადენილი სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროს. მას არ შეუწყვეტია საქართველოს მტრობა არც ოპოზიციიდან და, აგერ უკვე 10 წელიწადზე მეტია, ის არის ქვეყნის გამუდმებული რყევების, დესტაბილიზაციის, რევოლუციური სცენარების, ეკლესიასთან ბრძოლისა და სხვა ანტიქართული კამპანიების ავანგარდში! სამწუხაროდ, დიდი ფულის, ტელევიზიების და ბრძოლის ყველნაირი აკრძალული მეთოდების გამოყენებით, ის ოპოზიციიდანაც კი ახერხებდა ბევრი უბედურების დატრიალებას და ჩვენი ქვეყნის განვითარების შეფერხებას. მელია, ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული და ოდიოზური ფიგურა ოპოზიციის ველზე, რომელიც საერთო ეროვნულ არჩევნებში დიდი წარმატების ამბიციით ერთვება, სულ ცოტა ხნის წინ საკუთარ პარტიაში გამართულ აჩევნებშიც კი დამარცხდა პითეკანთროპ ხაბეიშვილთან. ამიტომ მასზე სერიოზული საუბარიც არ ღირს.
ვერ გაიგეს, რომ პარტიის ლოგოში, ფერსა და საარჩევნო ნომერში არ არის საქმე; საქმე იმ წარსულშია, რომელიც ამ ადამიანებს აერთიანებს, და ეს წარსული მათ მიერ შექმნილ სამეგრელოს მიწურებამდე მიდის, სადაც მაგიდაზე “სკოჩით” მიბმულ კაცებს აუპატიურებდნენ!
მათი კოლექტიური სახე ყოველთვის იქნება “კასტილებიანი” კაცი და ცოცხმომარჯვებული ციხის ბადრაგი!“ – აღნიშნავს შაქარიშვილი.