„ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა საქართველოს დახმარება 2025 წლისთვის 8 მილიონი დოლარით შეამცირა. ამაზე, ბუნებრივია, გაღიზიანებულნი არიან ისინი, ვისზეც, ძირითადად, ნაწილდებოდა ეს თანხა, ანუ მათივე არასამთავრობო ორგანიზაციები. ნაცვლად იმისა, რომ თავად ამ ფულის მომხმარებლებს ჰკითხონ მიზეზი, ოპოზიციური მედია კითხვებს სვამს პრემიერთან, თუ რატომ შემცირდა დაფინანსება“, – წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

„ამ კითხვაზე პასუხი ასეთია: სწორედ იმ “ენჯეოებმა”, რომლებიც არიან ამერიკული ფულის მიმღებნი, საქართველოში ამერიკის პოლიტიკური იმიჯი თითქმის გაანადგურეს. ფაქტია, მათი მუშაობის ფონზე, უცხოური დაფინანსებით გაკეთებული კარგი საქმეებიც აღარ ჩანს. უცხოური ფული, ძირითადად, საქართველოში ფსევდოლიბერალიზმის გავრცელებას ხმარდება, ამიტომ, თუკი ამ მიმართულებით დაფინანსებას შეამცირებენ, ნამდვილად გაგვიხარდება.

ბევრჯერ გვითქვამს, რომ ის პოლიტიკური კულტურა, რაც ამერიკაშია, მათია და მასზეა დაფუძნებული სახელმწიფო პოლიტიკაც. საქართველო ტრადიციული პოლიტიკური კულტურის ქვეყანაა და ჩვენთან ულტრალიბერალური ღირებულებები არათავსებადია. ამერიკული ფული ქვეყანაში, მათივე “ენჯეოების” საშუალებით, იმ პოლიტიკის გატარებას ემსახურება, რაც ამერიკისთვის მშობლიურია, ჩვენთვის კი – უცხო, და ხშირად, მიუღებელიც. სწორედ ამიტომ, უცხოური დაფინანსებით საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ადგილობრივ მოსახლეობაში ნეგატიური იმიჯით სარგებლობენ.

თუ რა ვერ შეუსრულეს დონორი სახელმწიფოს არასამთავრობოებმა, თავად გაარკვიონ. ფაქტია, საქართველოს მთავრობა პირნათლად იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და, ამასთანავე, პარტნიორულ პრინციპებს. ქვეყანაში შემოსული ფული უნდა ხმარდებოდეს, უმთავრესად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებსა და პრიორიტეტებს. ეს დევს სწორედ დონორ სახელმწიფოებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში და ჩვენც ამის შესრულებას ვითხოვთ”, – წერს ჩიბურდანიძე.