„არახამიას ასეთი დამოკიდებულება არის იმ არამეგობრული დამოკიდებულების გაგრძელება, რაც არა მხოლოდ არამეგობრულობას, არამედ ამ ქვეყნის მტრობას ნიშნავს და იმედს ვიტოვებ, რომ მისი და მისი თანამზრახველების ამ საკითხში ასეთი დამოკიდებულება, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვერასდროს შეარყევს ორი ხალხის ისტორიულ მეგობრობას“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის – დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც არახამია საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, რუსეთთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტასა და სანქციებისგან თავის არიდებას სთხოვს.
„პირდაპირ ვამბობ, გადაჭარბების გარეშე: ძალიან ბინძური ტყუილია ის, რომ საქართველო [სანქციების] გვერდის ავლის საშუალებად გამოიყენება. ეს ტყუილი დაიწყო საქართველოში, საქართველოს პარლამენტში და გაგრძელდა მის ფარგლებს გარეთ. სამწუხაროდ, დავით არახამია ამ ტყუილის თანამონაწილეა. არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს ბუნებაში, რომელიც დაამტკიცებდა, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. ეს არის ძალიან ბნელი ტყუილი, რაც ორი წლის განმავლობაში დომინირებს საქართველოს საწინააღმდეგოდ.
არახამიას არავინ ეკითხება, საქართველო შეწყვეტს თუ არა ფრენებს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მან საქართველოს მოქალაქეებისთვის მოითხოვა გართულებული მიმოსვლა რუსეთის ფედერაციაში. ვიცით, რომ ჩვენი ასობით ათასი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, მან მოითხოვა, ეს ადამიანები ისეთივე ტანჯვით დაბრუნდნენ ქვეყანაში ან გაფრინდნენ ჩვენი ქვეყნიდან, როგორც მაშინ აკეთებდნენ, სანამ ფრენები აღდგებოდა. ძალიან კარგია, რომ ფრენები არის, იმიტომ, რომ ეს ბევრ ადამიანს თავისუფალ გადაადგილებაში ეხმარება და, ასევე, ტურისტების ჩამოსვლას უწყობს ხელს. მათ რომ სანქციების დაწესება, ავიამიმოსვლის შეჩერება და საქართველოს ეკონომიკის განადგურება უნდათ, ეს ახალი არ არის.
და მესამე: მან, პირველ რიგში, უსასტიკესი სისტემის შემქმნელი კრიმინალი სააკაშვილის – მისი მასწავლებლისა და იდეური მოძღვრის გათავისუფლება მოითხოვა და ეს არ არის სწორი ფორმა, როგორც უნდა ელაპარაკო მეგობარ სახელმწიფოს. მათ თავისი ხელით გამოუშვეს სააკაშვილი საქართველოში და გვატყუებდნენ, რომ ის იყო ტრუსკავეცში. ამას ბევრჯერ გავიმეორებ, – მათი ინფორმაცია იყო, რომ ის, თითქოს, რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა ტრუსკავეცში, სასტუმროს ნომერში. ჩვენ არ მოგვიფიქრებია და არ მოგვჩვენებია ეს ამბავი და, ამ დროს, მათი სპეცოპერაცია იყო, რომ ეს ადამიანი შემოიპარა საქართველოში რევოლუციის მოწყობის მიზნით. ამიტომ, ერთი მოთხოვნა არის ძალიან სპეკულაციური, ცუდი და ეხება კრიმინალ სააკაშვილს, მეორე მოთხოვნა ეხება საქართველოს მოქალაქეების დაზიანებას, და მესამე მოთხოვნა არის ბინძური ტყუილი. ამის იქით კომენტარსაც კი არ საჭიროებს მისი მოთხოვნები და ულტიმატუმები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.