„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა” ამ დღეებში დაწერა, რომ საქართველოს მთავრობა არ ასაჯაროებს ურთიერთობასა და სავარაუდო კოორდინაციას რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობებთან. თითქოსდა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მსგავსი “გაუმჭვირვალობა” ამყარებს ეჭვს რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის შესაძლო გამოყენების შესახებ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამ ბოდვას უკვე მისცა “კლასიკური დეზინფორმაციის” განმარტება. ჩვენ კი შეგვიძლია, ამას სიტყვა “სისულელეც” დავამატოთ. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის დამაბრკოლებელ “ბალასტად” რომ წარმოაჩენენ, ჩვენთვის არახალია. სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობებთან ჟენევის მოლაპარაკებისა თუ ერგნეთის სამუშაო ჯგუფის დონეზე კონტაქტები იყო და იქნება – აქაც, “გაუმჭვირვალობა” თავისთან მოიკითხონ.

რაც შეეხება ქვეყნის გამთლიანების საკითხს, დადგება დრო, როდესაც არც ამისთვის საჭირო მოლაპარაკების ფორმატებზე შევეკითხებით ვინმეს. ხოლო “რუსეთთან კოორდინაციის თემა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით” ამერიკელ ასტრონავტ თრეისი დაისონთან მოგვიკითხეთ! რუს და ბელარუს ოფიცრებთან ერთად, ის სამ საათში კოსმოსში გაემგზავრება, “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” ლოგიკით, ომში მყოფი უკრაინის თავზე რუსული დრონებისა და არტილერიის იერიშების კორექციის მიზნით.

ვერც ერთი შემოგდებული სისულელით ვერ გადაფარავთ საკუთარი “გაუმჭვირვალობის” გამოაშკარავების, თქვენი ლაქია-მარიონეტების გასამართლების, თქვენი ლგბტ “სულიერების” პროპაგანდისა და მსგავს დეზინფორმაციაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღების გარდაუვალ პროცესებს!“ – წერს დავით ქართველიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.