„პერსონებსა და ორგანიზაციებს ერთი წამით თავი დავანებოთ და ვთქვათ ერთი მარტივი ჭეშმარიტება: ვინც საქართველოს აბრალებს, რომ რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება, ის არის საქართველოს მტერი – პირდაპირ დავარქვათ თავისი სახელი“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საქართველო რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის მექანიზმად გამოიყენება.

„ვინც ამას აბრალებს, – რომ რუსეთს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება – და თან ეს ტყუილია – ის პირდაპირი გაგებით მტრობა საქართველოს. რომელი ორგანიზაციაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს, ის მტრობს საქართველოს. ეს უნდა შევიგნოთ. შესაბამისად, რომან გოცირიძე გამოვა პარლამენტის სხდომაზე თუ ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ ენჯეო სექტორის წარმომადგენლები, ვინც ამას საქართველოს რეალობის საწინააღმდეგოდ დააბრალებს და მოიტყუება, ყველა მტრობს საქართველოს.

ხვალაც და ზეგაც იქნება ასეთი მტრობა – ეს ტელევიზია იქნება, ჟურნალისტი, პარლამენტარი, პოლიტიკოსი თუ ენჯეო სექტორის წარმომადგენელი – მტრობს საქართველოს. მარტივი ამბავია: როგორ შეიძლება, საკუთარ სამშობლოს აბრალებდე ოკუპანტი ქვეყნის სასარგებლოდ მოქმედებას, როდესაც ეს რეალობისგან აბსოლუტურად შორს არის?! როდესაც სანქციების ჯგუფი ჩამოდის შენს ქვეყანაში, ისინი ძალიან კრიტიკულად განსჯიან ამ ყველაფერს და ამბობენ, რომ საქართველოს ერთი შემთხვევაც კი არ დაფიქსირებია, რუსეთს მიხმარებოდა სანქციების თავის არიდებაში, და შენი ქვეყნის რომელიმე წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს ამ მიმართულებით, ის მტრობს საქართველოს და ამას თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ღალატს თავისი სახელი უნდა დავარქვათ და ამაზე დიდი ღალატი, გულწრფელად გეუბნებით, მართლა ვერ წარმომიდგენია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.