“მე მართლა არ ვიცი, რატომ გგონიათ, რომ ქვეყნის გარეთ მიიღებთ უფრო მეტ მხარდაჭერას და, საერთოდ, რაიმე მხარდაჭერას, მაშინ, როცა ქვეყნის შიგნით უკვე 15%-ზე ხართ დასულები და ეს 15%-იც მელია-გვარამიას აგურ-აგურ გააქვთ თქვენი 15%-იანი დაშლილი პოლიტიკური ბანაკიდან და ცალკე აკეთებენ 1%-იან შპს-ებს.
მე არ ვიცი, რისი იმედი გაქვთ, როდესაც სტიქიების დროს თქვენ არ ჩასულხართ არც რაჭაში და არც გურიაში და ხალხის გვერდით არ მდგარხართ არც ერთ რთულ მომენტში.
თქვენ იდექით საქართველოს წინააღმდეგ არაერთხელ: როდესაც საქართველოს უნდა მიეღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი; როდესაც საქართველოს უნდა მიეღო ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა, თქვენ იდექით საქართველოს წინააღმდეგ; არა მხოლოდ იდექით, არამედ ფულს იხდიდით საქართველოს წინააღმდეგ”, – ასე მიმართა ოპოზიციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
„თქვენ {ოპოზიციას} გყოფნით სინდისი და ჩვენ გვადანაშაულებთ, რომ, თითქოს, საქართველოდან ემიგრაცია გაზარდა ამ ხელისუფლებამ. ასეთი უსინდისო განცხადების გაკეთება არის უსარგებლო და ამაზე რიცხვებითა და კონკრეტული ისტორიებით მიიღებთ პასუხს.
ახლა შეგახსენებთ, ემიგრაცია ვინ გამოიწვია. პირველ რიგში, გეტყვით, რომ თქვენ გეკუთვნით ემიგრაციის რეკორდი და უარყოფითი განსხვავება ქვეყნიდან წასულ ადამიანებსა და დაბრუნებულთა შორის, და თან, ეს რეკორდი გეკუთვნით მაშინ, როდესაც ქვეყანას არ ჰქონდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. მაშინ საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რომ ჰქონოდა, შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა ამ ქვეყანაში, რაც თქვენ აქ ხალხს დამართეთ და ადამიანები როგორ დღეში ჩააგდეთ. 300 000-მდე ჩვენმა თანამოქალაქემ გაიარა სასჯელაღსრულების სისტემაში.
მე, პირადად, ადამიანი, რომელიც მუშაობდა ამ სამინისტროში 2014-2015 წლებში, გეტყვით, რომ ათასობით ჩვენი მოქალაქე, რომელიც თქვენ გაატარეთ წარმოუდგენელ ტერორში, წლების განმავლობაში ვეღარ ახერხებდა და ბევრი მათგანი დღემდე ვერ ახერხებს რესოციალიზაციას, დაბრუნებას სამუშაო ადგილებზე. მათ აქვთ შერყეული ჯანმრთელობა და მათ აქვთ პრობლემები, რომლებიც თქვენ დაუტოვეთ, და ეს არის ღრმა პრობლემები და რა პრობლემებია, შეგიძლიათ ამაზე სპეციალისტებს დაელაპარაკოთ. ეს ადამიანები თქვენ გარიცხეთ საქართველოს ეკონომიკიდან, გარიცხეთ ჩვენი საზოგადოებიდან, იმიტომ, რომ ხელჰყავით მათი ღირსება და გაანადგურეთ მათი ჯანმრთელობა და, არაერთ შემთხვევაში – სიცოცხლეც; გაანადგურეთ მათი ოჯახები.
როცა ადამიანებს აწამებდით და მათზე ძალადობდით, ის ადამიანები და მათი ოჯახები უმუშევრობისთვის გაწირეთ, და გაწირეთ ზუსტად ქვეყნიდან წასვლისთვის და ემიგრაციისთვის. ათასობით ადამიანია, ვისაც ჩამოართვით საკუთრება. თაბუკაშვილის ქუჩიდან, მეორე სართულიდან მესაკუთრეები რომ გადმოყარეთ, შემდეგ დღეებში ასობით ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ მიმართა რეესტრს. ესენი იყვნენ მოქალაქეები, რომლებიც დააშინა მაშინდელმა ხელისუფლებამ და ვისაც შეეშინდა, რომ მათთვისაც არ წაერთმიათ საკუთრება. ასობით ათასმა ადამიანმა მიმართა შემდეგ დღეებში რეესტრს და ეს ხალხი დღეს გვეუბნება, რომ, თითქოს, ჩვენ გავაქციეთ საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეები. საკუთრების უფლება, რომელიც ევროპული სახელმწიფოს საზოგადოების საფუძველია, თქვენ აღარ გაგაჩნდათ! რა ეკონომიკასა და კეთილდღეობაზე გველაპარაკებით?!“ – განაცხადა თალაკვაძემ.