„თითოეულ გრანტს აქვს თავისი მიზნობრიობა და არც ერთი დონორი ორგანიზაცია ფულს არ რიცხავს ისე, რომ არ იყოს გაწერილი მიზნობრიობა და შესასრულებელი დავალებების შესახებ არ იცოდეს გრანტის მიმღებმა“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა.

„მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „მთავარმა არხმა“ კარგად იცის, როგორ და რა მიმართულებით გახარჯოს მის მიერ მიღებული დიდი ოდენობის გრანტი. ეჭვი არ მეპარება, რომ როდესაც სახელისუფლებო რგოლის მიერ დაიწყება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის პროექტის განხილვა, დაიწყება ქუჩის პროცესები ხელისუფლების გადატრიალების მიზნით, რასაც სათავეში ჩაუდგება რადიკალური ოპოზიცია, მათ შორის, პარტიული ტელევიზიები.

რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან აფილირებულმა მედიასაშუალებებმა ზუსტად იციან, რომ 2024 წლის არჩევნები არჩევნებამდე უკვე წაგებული აქვთ. ისინი ეცდებიან, ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად გამოიყენონ ლგბტ პროპაგანდის ან “ვეტინგის” საკითხები და ქუჩაში გამოიყვანონ კარგად მომზადებული, გამოცდილი ახალგაზრდები ისე, როგორც გამოიყვანეს მაშინ, როცა „ხალხის ძალას“ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღება სურდა.

მოვუწოდებ მოსახლეობას და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, სწორად გაერკვნენ საკითხის არსში და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილებები“, – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.