“კრიტიკა გინდათ? გააკრიტიკეთ [ბიძინა ივანიშვილი]. იმ კაცს არ უკვირს კრიტიკა, – ისეთ სიბინძურეებს კადრებთ, რომ შევეჩვიეთ ჩვენ – ყველა ერთად და ამასთან დაკავშირებით, თითოეულ ჩვენგანს იმუნიტეტი გვაქვს, განსაკუთრებით – ბიძინა ივანიშვილს. ბატონი ბიძინა არის კაცი, რომელიც ვერ მოინელეთ ვერასდროს.

ახლა გადახვედით შვილზე და შეკვეთილ სტატიებზე”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ბრიტანულ გამოცემა “Daily Mail-ში” “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი შვილის, ბერა ივანიშვილის შესახებ დაწერილ სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ ბრაზილიაში ბერა ივანიშვილი ამზადებს პირობებს იმ შემთხვევისთვის, თუ “ქართული ოცნების” დამფუძნებელს სანქციები დაუწესდება.

„სანქცირებულია, მეტი რა უნდა დაასანქცირონ? ორი მილიარდი დოლარი რომ გაუჩერეს შვეიცარიის ბანკში, მეტი სანქცია რა უნდა იყოს? სანქცია, მგონი, თქვენ ის გგონიათ, რომ ადამიანს თოფი უნდა ესროლონ. ადვოკატებმა ილაპარაკეს, თავად ბატონმა ბიძინამ ილაპარაკა.
აბსოლუტური სისულელე და კლასიკური შეკვეთილი სტატიაა იმასთან დაკავშირებით, როგორ შეუტიონ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ, მისი ოჯახის წევრებს. სად წავა ბერა ივანიშვილი, რა “დეილი მეილის” რომელიმე ჟურნალისტის საქმეა, ან რა თქვენი საქმეა ან რა შემკვეთის საქმეა, ასობით ათას დოლარს რომ იხდიან თითო სტატიაში და თან, მერე ქვეყნდება FARA-ზე ეს ყველაფერი. მიდის „ნაცმოძრაობიდან“ და მათი პატრონებისგან ეს შეკვეთები და გაჩერდნენ. ხალხო, დაანებეთ თავი შვილებზე ბულინგს.
რა კითხვაა, ბერა ივანიშვილი რატომ ცხოვრობს ბრაზილიაში?! ვინ გეკითხებათ, რატომ ცხოვრობს და რა დასკვნების გამოტანის საფუძველს გაძლევთ ეს?! [ბიძინა ივანიშვილი] სანქცირებულია უკვე, უფრო ვეღარ დაასანქცირებენ. ვინმემ მისწერა ივანიშვილების ოჯახიდან, რომ ბრაზილიაში გადარიცხეთ ეგ თანხა, თუ უკან დამიბრუნებთო? – შვეიცარიის ბანკს, რომელიც ჩამოამხეს მხოლოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი დაეშანტაჟებინათ? არ შანტაჟდება ეს კაცი. არის კაცი, რომელმაც პირდაპირი გაგებით თავი გაწირა თავისი ქვეყნისათვის. არ შანტაჟდება ამ ფულით და დაანებეთ თავი”, – განაცხადა მდინარაძემ.