“ერთი მიზანი აქვთ ჩვენს მეგობრებსა და მხარდამჭერებს, რომ საზოგადოებასთან მიიტანონ დეტალური ინფორმაცია „გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ და რაც არის ევროპული კანონი, თუმცა, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებს, „ენჯეოებსა“ და ოპოზიციურ მედიასაშუალებებს აქვთ მიზანი, თავიანთი „შავი ფული“ დამალონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ”, – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.

მისივე თქმით, ევროპასთან არაფერი საერთო არ აქვს არც ცენზურას და არც შავი ფულის დამალვას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ მთელ ამ პერიოდში ცდილობს, რომ დეზინფორმაციის კამპანიით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

„მთელი დღის განმავლობაში ჩვენი მხარდამჭერები აკრავდნენ პლაკატებს, რაც რა თქმა უნდა, გამოხატვის თავისუფლებაა და რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან მთელი დღის განმავლობაში ხდებოდა ის, რომ ორი-სამი ადამიანი მიდიოდა და პლაკატებს ხევდა, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. შესაბამისად, არის რეაგირება ჩვენი მხარდამჭერების მხრიდან.

როგორც დღეს, ისე გუშინაც, იმ პლაკატებსა და საინფორმაციო ბანერებს, რომელსაც მოქალაქეები აკრავდნენ, ხევდნენ. სამწუხაროდ, ბევრი ფაქტი დაფიქსირდა ამასთან დაკავშირებით. მეც პირადად თბილისში ვმოძრაობდი და რამდენიმე ადგილას ვნახე, რომ ჩამოხეული იყო პლაკატები. თუმცა, ვიდეოს ვიდეოზე მიგზავნიან ჩვენი მხარდამჭერები, მეგობრები, ახალგაზრდები, რომ ძალიან ბევრ ადგილას მოხდა ასეთი ფაქტი. ევროპასთან არაფერი საერთო არ აქვს არც ცენზურას და არც შავი ფულის დამალვას, რასაც მთელ ამ პერიოდში ცდილობენ, რომ დეზინფორმაციის კამპანიით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ“, – აღნიშნა ჩაკვეტაძემ.

რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლებმა „გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ დეზინფორმაციული კამპანია რამდენიმე დღის წინ დაიწყეს.