„ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, ათობით ათასი დაღუპული უკრაინელის, გადამწვარი და მოსახლეობისგან დაცლილი ქვეყნის დღევანდელი დღის წესრიგი რუსეთთან კომპრომისზე წასვლაა,“ – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე უკრაინის ხელისუფლებისადმი ნატო-ს გენერალური მდივნის მოწოდებას, რომლის თანახმადაც, კიევმა ომის დასასრულებლად სასურველია, ეძებოს კომპრომისი.

„უკრაინის ომზე ყოველ დღე ვისმენთ დასავლელი პარტნიორების განცხადებებს, რომლებიც უკრაინისგან ითხოვენ კომპრომისებზე წასვლას. რამდენიმე დღის წინ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა უკრაინას, რომ მოემზადონ, თუ რა კომპრომისზე არიან წამსვლელები. უკრაინის ომი მიჰყავთ იმ ფინალისკენ, რაზეც ომის დაწყების პირველივე დღეებში ვსაუბრობდით – უკრაინას ამ ომში ბოლომდე არავინ შეჰყვებოდა.

ევროკავშირმაც და ამერიკამაც გაიღეს დახმარების დიდი პაკეტები, თუმცა, როგორც კი პროცესები ძალიან დაიძაბება რუსეთთან, ისინი უკან იხევენ არა მარტო განცხადებებით, არამედ, ქმედებითაც კი.

სამწუხაროა და თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს. ამას ვხვდებოდით ჩვენ და უნდა მიმხვდარიყვნენ უკრაინაშიც. რომ არა ხელისუფლების წინდახედულობა, ჩვენც უკრაინის ბედს გავიზიარებდით”, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.