“ჩემი მთავარი საზრუნავი არის მხოლოდ და მხოლოდ პაციენტი და მისი ტკივილი“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

„ეს არის მთავარი რამ, რაზეც იმუშავებს ჩვენი სამინისტრო და და ეს მინდა – კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ – კარგად იცოდეს ყველამ. მინდა, ასევე ყველამ კარგად იცოდეს და, ვინც მე მიცნობს ისედაც ძალიან კარგად იცის, რომ არც ერთ პაციენტთან კომუნიკაციის, მიმართვის ფორმა არასდროს შემშლია და არც შემეშლება. არც მსოფლმხედველობით და არც ჩემი ქცევით ამის საპირისპიროს თქმის მიზეზი არასდროს არავისთვის მიმიცია.

მინდა, ყველა პაციენტმა ძალიან კარგად იცოდეს: ვმუშაობ, რომ არც ერთი პაციენტის ხმა არ დარჩეს მოუსმენელი. ამისთვის არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა და შუამავლების მონაწილეობა. ეს სამინისტროს მოვალეობა გახლავთ. ეს უნდა იცოდეს ამ სამინისტროს თითოეულმა თანამშრომელმა. ეს უნდა იცოდეს უკლებლივ ყველა კლინიკამ და ეს კარგად უნდა იცოდეს თითოეულმა პაციენტმა.

ეს არის მნიშვნელოვანი. ყველა თვითონ გადაწყვეტს, რას რა გზით მოითხოვს, – ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი ან, თუნდაც, შესაფასებელი, მაგრამ მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ამის საჭიროება, ან პეტიციისა, ან გარკვეული აქციების ჩატარებისა ან ა.შ. პაციენტსა და სამინისტროს შორის ურთიერთობაში ობიექტურად არ იარსებებს“, – აღნიშნა მინისტრმა.