“ჩვენი კანონპროექტი ნებისმიერი გარე ჩარევის, მათ შორის, რუსეთის შესაძლო გარე ჩარევის პრევენციაში გვეხმარება. დავხურეთ ეს თემა”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი – 2-ის“ გადაცემა “ღამის კურიერის” ეთერში.

არჩილ თალაკვაძე ოპონენტებს მოუწოდებს, დაასახელონ ერთი პუნქტი მაინც, სადაც ქართული კანონპროექტი რუსულს იმეორებს.

“ევრობარომეტრის ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირში 10-დან 8 მოქალაქე ფიქრობს და გამოხატავს წუხილს, რომ უცხოური გავლენა მათ ქვეყნებსა და ევროკავშირში არის პრობლემა და ეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. როდესაც ევროკავშირის 10-დან 8 მოქალაქე ამბობს, რომ უცხოური გავლენა და ჩარევა მათ დემოკრატიაში არის პრობლემა და ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, რომ იმოქმედონ, ეს რას ნიშნავს? ჩვენი ოპონენტები ვისი სახელით გველაპარაკებიან?

რეალურად, ევროდირექტივა ამბობს, რომ ევროკავშირის მასშტაბით, დანარჩენმა ქვეყნებმაც უნდა მიიღონ ეს კანონმდებლობა და ამბობს, რომ თვითონ უნდა დაარეგულირონ, რა მექანიზმები სჭირდებათ, რათა გარე ჩარევისგან დაიცვან თავიანთი საზოგადოება და დემოკრატია.

ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, მოლდოვა, უკრაინა – ამ ქვეყნებსაც ეხება ის კანონმდებლობა, რომელიც ევროკავშირში აქვთ მიღებული. ჩვენი ოპონენტები რომ ამბობენ, იქ რუსეთია ჩაწერილიო, მხოლოდ რუსეთი კი არ არის ჩაწერილი, ევროკავშირის წევრების გარდა, ყველას ეხება ის კანონმდებლობა, ისევე, როგორც ჩვენს შემთხვევაში. ამიტომ ვამბობთ: გვითხრან ერთი პუნქტი, სადაც ქართული კანონპროექტი იმეორებს რუსულს. ქართული კანონმდებლობა ეხება ყველას, ვინც შეიძლება პოტენციურად ჩარევა მოახდინოს საქართველოს დემოკრატიაში”, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.