მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის, ბოლო ინსტანციის – სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დღემდე, მოსამართლე ლორთქიფანიძე საერთაშორისო მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში აქტიურად მონაწილეობს – ის თავმჯდომარეობდა პროკურორ საიდ აბდელ კანის წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებული საჩივრების, ხოლო ამჟამად თავმჯდომარეობს პროკურორ ბოსკო ნტაგანდას წინააღმდეგ რეპარაციების ეტაპზე საჩივრის განხილვას.
ლორთქიფანიძე, როგორც სააპელაციო პალატის მოსამართლე, მონაწილეობდა სამი სხვა საჩივრის, ასევე, ავღანეთის, ფილიპინების და ვენესუელის სიტუაციებიდან გამომდინარე საჩივრების განხილვაში.
მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე არის სასამართლოს სამართლებრივი ტექსტების თაობაზე საკონსულტაციო კომიტეტის წევრი. ასევე ხელმძღვანელობს მოსამართლეების სამუშაო ჯგუფს სასამართლოსთვის საკონსულტაციო როლის განსაზღვრის თაობაზე.
გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლის მოვალეობის შესრულებას 2021 წლის 19 აპრილს შეუდგა. მოსამართლის პოზიციაზე ის 9 წლის ვადით არის არჩეული. გოჩა ლორთქიფანიძე ამ პოზიციაზე პირველი ქართველი მოსამართლეა.