„ქართულ ოცნებას“, დაახლოებით, მილიონ ორასი ათასი ამომრჩეველი ჰყავს და არავის უჩნდება კითხვა იმაზე, თუ რატომ არის საჭირო გამჭვირვალობის შესახებ კანონი საქართველოსთვის, რადგან, ოპოზიციის ამომრჩევლისგან განსხვავებით, სწორად აფასებენ მოვლენებს“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე.

„მთლიან ოპოზიციას, ყველას ერთად, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ამომრჩეველი ჰყავს და, ბუნებრივია, ისინი ცდილობენ, სიტუაცია ოპოზიციის სასარგებლოდ, ღია განცხადებებით დაძაბონ. მე ის მიკვირს, ასე ცოტა რატომ აკეთებს ღია განცხადებებს კანონის წინააღმდეგ; ნუთუ მეტი ვერ დაითანხმეს?

ოპოზიცია საკუთარ ელექტორატს გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ იყენებს. სპორტსმენი, მეცნიერი თუ ხელოვანი, ვინც განცხადებას აკეთებს, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველია და აქ გასაკვირი არაფერია.

თუკი შარშან ამ კანონის წინააღმდეგ საზოგადოების სხვა წარმომადგენლებიც გამოდიოდნენ, წელს ოპოზიცია მარტო დარჩა, მხოლოდ თავის ამომრჩეველთან ერთად. არავისთვის სიახლე არ არის, რომ არველაძეც, სუხიშვილიც, ნინო ქათამაძეც და, მით უმეტეს, გიული ალასანიას უნივერსიტეტების პროფესორები კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლები არიან. პირველად ხომ არ გვინახავს მათ მხარეს? ამიტომ, ძალიან ბუნებრივად მიდის წინასაარჩევნო პროცესი – ოპოზიცია მაქსიმალურად იყენებს თავის ამომრჩეველს, მაგრამ არჩევნებში მიიღებენ იმდენივე ხმას, რამდენიც წინა არჩევნებში მიიღეს, ანუ – დამაჯერებლად დამარცხდებიან“, – წერს ჩიბურდანიძე “ფეისბუკის” გვერდზე.