„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, ძალიან მნიშვნელოვანი მოგებაა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის, ყველგან დავიცავთ საქართველოს ინტერესებს. ჩვენთვის უპირველესი არის ჩვენი ქვეყანა და, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: „ქართული ოცნება“ სანამ არის ხელისუფლებაში, ყოველთვის, პირველ რიგში, რასაც გააკეთებს და რა პოლიტიკასაც გაატარებს, ეს არის ქვეყნის ინტერესების დაცვა“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც 2008 წლის შემდეგ, რუსეთის მიერ, ე.წ. ბორდერიზაციის გზით ადამიანის უფლებების უხეშ და მასშტაბურ დარღვევას ეხება.

„ქვეყანაში არის რადიკალიზმი. სხვათა შორის, ეს დაფინანსებებიც, რაც მალულია და არ იცის საზოგადოებამ… იმ დონორებისგან ფინანსდება ყველაფერი – ის რადიკალიზმი, ექსტრემიზმი… რომ გვეუბნებოდნენ, – მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებს ტრენინგებს ვუტარებდითო და, რეალურად, საზოგადოებამ დაინახა რაზე ატარებდნენ ტრენინგებს. ეს არის რეალობა და ამის გასაჯაროება არ უნდათ და, პირველ რიგში, ეს, რა თქმა უნდა, პრობლემას უქმნის იმ დონორ ორგანიზაციებს.

რადიკალიზმს ქვეყანაში მომავალი არ აქვს. იქნება რადიკალიზმი? იქნება კანონდამრღვევი? ამას სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება რეაგირება და ყველაფერს შესაბამისი პასუხი გაეცემა.

ლიბერალური დემოკრატიული ტრაექტორია იყო ის, რაც ხდებოდა ქვეყანაში 2012 წლამდე; სადაც შეზღუდული იყო განსხვავებული აზრი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლებები. ბიზნესი რა მდგომარეობაშიც იყო, ახლა ამაზე არ დავიწყებ ლაპარაკს. პატიმრებს რა მდგომარეობაში აყენებდნენ, გვახსოვს ყველას. აი, ეს იყო მათი ლიბერალური დემოკრატია და მშვიდობაში მოიხმარონ, დაიტოვონ თავიანთთვის.

ორმაგი სტანდარტია, რომ შენ გავალდებულებენ, არ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც შენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად არის მნიშვნელოვანი და გეუბნებიან, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და დააჯერონ, თითქოს ეს არის არასწორი კანონი. ეს არის სამწუხარო რეალობა, მაგრამ ჩვენ ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ და გავაკეთოთ ის, რაც ქვეყნის მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კალაძემ.