ძლიერმა წვიმამ და წყალმოვარდნებმა სამეგრელოში პრობლემები შექმნა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ნაწილი და სავარგულები.
სტიქიამ ღვარცოფული და მეწყრული პროცესები გამოიწვია, რის გამოც გზების ნაწილი დაზიანებულია. აბაშაში რამდენიმე ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა გახდა საჭირო.
უამინდობის გამო რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი დაზიანების გამო შეფერხებაა გაზმომარაგებასთან დაკავშირებით. ავტომობილების მოძრაობა პარალიზებულია თბილისი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე, სადაც დატბორილია საავტომობილო გზა და ადგილობრივების საკარმიდამო ნაკვეთები.
მუნიციპალური სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. შექმნილ ვითარებას ადგილზე მერებთან ერთად სახელმწიფო რწმუნებული და მისი მოადგილეები ეცნობიან.