„მოსმენა არის ევროპული, მონობა არის რუსული, რასაც აკეთებთ. ევროპულობა ნიშნავს მოსმენის კულტურას, აზრთა ჭიდილს და არა ყვირილს. ჩვენ ვირჩევთ ღირსებით ევროპას, არა „ნაციონალურ მოძრაობას“ და არა რადიკალიზმს. ეს დაიმახსოვრეთ ძალიან კარგად“, – ასე მიმართა პარლამენტის ტრიბუნიდან იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.

„რაც შეეხება კანონპროექტს – თუ ვინმეს რაიმე არგუმენტი ჰქონდა, უნდა წარმოედგინა, მაგრამ როდესაც ამ ხალხის მხარეს არ არის არგუმენტი, მაშინ აბრახუნებენ აქ. უშინაარსობა არის მათი მხარე. ჩვენი მხარეა არგუმენტირებულობა და, შესაბამისად, ჩვენ ვართ მართლები ჩვენი ხალხისა და საზოგადოების წინაშე.
ამიტომ, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ წარმოვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ეფუძნება ევროპულ, ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებას და, აქედან გამომდინარე, ეს არის ქართული მოდელი, რომელიც ეფუძნება სწორედ დასავლურ გამოცდილებას. ჩვენი ამოცანაა, ჩვენს საზოგადოებას, დაფინანსებასთან დაკავშირებით, გამჭვირვალობაზე მაქსიმალური წვდომა ჰქონდეს –
საიდან შემოდის ფინანსები, მიზნობრიობა, როგორ იხარჯება. ვერც ერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს. მთელი ეს განხილვა მათი მხრიდან იყო ტყუილებით სავსე. ამბობდნენ, რომ ეხება ფიზიკურ პირებს. კანონპროექტის პირველივე მუხლში წერია, რომ ეს არ ეხება არც ერთ ფიზიკურ პირს და ეს ეხება იურიდიულ პირებს, ამ შემთხვევაში – NGO-ებს”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.