„რას არ გვპატიობენ და რა არ მოსწონთ ამ ხელისუფლების პრინციპულობაში? ისინი არ გვპატიობენ, რომ არ შევუერთდით სანქციებს, არ ჩავებით ომში, არ დავთმეთ სასამართლოს დამოუკიდებლობა და არ ვიღებთ გამჭვირვალობის შესახებ ქართულ კანონს, რომელიც (კიდევ ერთხელ ვამბობ) საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას, რაში იხარჯება გარედან შემოტანილი შავი ფული“, – განაცხადა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

„არ მაქვს იმედი, რომ ჩვენი ოპონენტები მოისმენენ – იმიტომ, რომ მათ არ სურთ, რამე წაიკითხონ და არგუმენტი ჰქონდეთ. არც მოსმენა სურთ და საზოგადოებასაც უკრძალავენ წაკითხვასა და მოსმენას, მაგრამ მე მაინც ვიტყვი ჩემს სათქმელს:

წელიწადზე მეტია, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მიდის მსჯელობა, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან არავითარი საწინააღმდეგო არგუმენტი არ ყოფილა დასახელებული და მიდის მხოლოდ იმის ძახილი, რომ ეს არის რუსული კანონი. მინდა გითხრათ, რომ ეს სწორედაც რომ ქართული კანონია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ სიმართლე – რომ შავი ფული საქართველოში პოლიტიკის ფორმირებაში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას და ამას თავად საზოგადოება გააკონტროლებს. მაგრამ ოპოზიცია ყველაფერ ქართულს არქმევს რუსულს – ყველაფერს, რაც კი ქვეყნის ინტერესებში შედის. ქართული რომ არის, სწორედ ამიტომ ებრძვიან. სწორედ იმ შავი ფულით მიდის ბრძოლა ქართველობასთან და დღეს ხელების ბრახუნით სურთ ამ ხმის ჩახშობა, მაგრამ როდესაც ლგბტ პროპაგანდაზეა საუბარი, მაშინ ჩუმად არიან – მათი ხმაც კი არ ისმის.

სწორედ შავი ფულით ებრძვიან საქართველოს, მის სუვერენიტეტს და ხელისუფლებას, რომელიც პრინციპულად იცავს ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს.

თავად ევროპაშიც აღარ მოსწონთ, როდესაც გარედან შემოტანილი კუპიურებით ხდება შიდა პოლიტიკის წარმოება. სწორედ ამიტომ, საფრანგეთმა და ევროკავშირმა უკვე დააინიცირეს და საფრანგეთში ქვედა პალატამ პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც ვრცელდება არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ პარტნიორ ქვეყნებზეც კი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.