„ამერიკის შეერთებული შტატების მეხუთე პრეზიდენტმა ჯემზ მონრომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია შექმნა; დოქტრინის სახით, ყველა გარე ძალას აუკრძალა ამერიკის საშინაო საქმეებში ჩარევა და ამით უზრუნველყო შტატების რეალური სუვერენიტეტი. სწორედ აქედან იწყება შტატების როგორც ძლიერი სახელმწიფოს აღზევება“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

„საქართველოში იწყება ახალი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება. ხელისუფლებამ, პოლიტიკური პრაგმატიზმითა და შესაძლებლობების გამოყენების მომენტით, სრულიად უპრეცედენტო ხასიათის საგარეო ორიენტირები განსაზღვრა:
* ვირჩევთ დასავლურ კურსს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების საყოველთაო აღიარების შესაბამისად!
* საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არავის აქვს, თუნდაც ჩვენი არჩეული დასავლური კურსის მედროშე ქვეყნებსა და აქტორებს!
* ქართული მართლმსაჯულება და, შესაბამისად, კანონშემოქმედება სუფთად ქართული ხასიათისაა და ვერავითარი გარედან თავსმოხვეული ინსინუაცია ვერ მოახდენს გავლენას სუვერენული საქართველოს პერსონალურ საკითხებზე!
ფაქტობრივად, ეს არის თანამედროვე საქართველოს საგარეო კონცეფცია და ხელისუფლების მიერ შემუშავებული დოქტრინა, რომელიც ქვეყანაში ახალ პოლიტიკურ კულტურას ამკვიდრებს. სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის მტრებმა მოიგეს 1991 წელს, როდესაც ზვიად გამსახურდიას ეროვნული მთავრობა დაამხეს, მაგრამ ომს ვერასდროს მოიგებენ, რადგან ახლა ჩვენი თაობის ჯერია – ან ბოლომდე მივიყვანთ საქმეს და პრაგმატული, ეროვნული პოლიტიკით რეალურ სუვერენიტეტს მოვუპოვებთ საქართველოს, ანდა გადავიქცევით ისეთ ბუფერულ ზონად, სადაც გეოპოლიტიკური ვითარების შესაბამისად, სხვადასხვა პატრონის ხელიდან ხელში “ვიმოგზაურებთ”!
გაუმარჯოს სუვერენულ საქართველოს!“ – წერს ქადაგიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.