მოძრაობა “საქართველო უპირველეს ყოვლისას” დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოებს მიმართავს.

“მიმართვა საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოებს

2021 წელს, როდესაც ჟურნალისტ ვახო სანაიას საყოფაცხოვრებო ნიადაგზე შელაპარაკება მოუვიდა, მაშინ ამერიკის საელჩომ სპეციალური განცხადება გააკეთა და იმჟამინდელი ელჩი მას სახლშიც კი ესტუმრა მხარდაჭერის ნიშნად. მაშინ, უდანაშაულობის პრეზუმფციის უხეში დარღვევით მომხდარი მცირე ინციდენტი, თქვენ მიერ შეფასებულ იქნა, როგორც პროფესიული ნიშნით განხორციელებული თავდასხმა. სრულიად არასამთავრობო სექტორი, საელჩოები და პოლიტიკოსები დაირაზმნენ და უდანაშაულო ახალგაზრდა ბიჭების უმკაცრესად დასჯას ითხოვდნენ.

სამწუხაროდ, აღნიშნულმა ზეწოლამ ნეგატიურად იმოქმედა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე და ბიჭებს უსამართლოდ მოუწიათ ციხეში 6 თვის გატარება.

მთელი კვირაა, თვალს ვადევნებთ ტელეკომპანიების – “იმედისა” და “POSTV-ის” ჟურნალისტებზე განხორციელებულ პერმანენტულ თავდასხმებს. მათ შეურაცხყოფას აყენებენ, დევნიან და ძალადობრივი მეთოდებით ხელს უშლიან ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში! ამ ყველაფერზე საჯაროდ მოითხოვეს რეაგირება ძალადობის ადრესატმა ტელეკომპანიებმა, მაგრამ ამ დრომდე გამაყრუებელი სიჩუმეა!
არც ერთი განცხადება არ მოგვისმენია საელჩოებისა და სხვა ორგანიზაციების მხრიდან.

ქართველ საზოგადოებასთან კომუნიკაციის თქვენ მიერ დამკვიდრებული ცუდი პრაქტიკის მიუხედავად, კიდევ ერთხელ მოგმართავთ და იმედს ვიტოვებთ, რომ საჯაროდ გამოხატავთ შეშფოთებას ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტებზე.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება ძალადობის წახალისება და თავად გახდებით ამ დანაშაულის მონაწილენი. ასევე, ქართველი საზოგადოება მორიგ ჯერზე დაწრმუნდება, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ფარისევლობასთან და თქვენი მხრიდან ორმაგი სტანდარტების ნათელ გამოვლინებასთან”, – წერს ვატო შაქარიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.