ანალიტიკოსი გია აბაშიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს – მეთიუ მილერს საქართველოს მისამართით გაკეთებული განცხადებებისა და შიდა საქმეებში ჩარევის გამო მწვავედ აკრიტიკებენ.

„ამერიკელი გადასახადის გადამხდელები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მართებულად აკრიტიკებენ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის გამო – თვალთმაქცობა ადვილად შესამჩნევია, უწინარესად, იმ ხალხისთვის, რომელთა ისტებლიშმენტიდანაც ვისმენთ “დარიგებას”.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, აწ უკვე ყოფილ კონგრესმენს ადამ კინზინგერს სასტიკად უპირისპირდებოდა მისი ოლქის ელექტორატი ილინოისიდან – “შტატის საქმეებს მიხედე და შენი განსახილველი არაა საქართველოს საარჩევნო სისტემა!” – იყო ამგვარი მწვავე განცხადებებიც სოცქსელში.

გარდა იმისა, რომ ამერიკელები აშშ-ის ხელისუფლებას ამერიკის განვითარების ხარჯზე უკრაინის დახმარების გამო აკრიტიკებენ, ამას ემატება ცეცხლმოკიდებული ახლო აღმოსავლეთის გამო აღშფოთება; ახლა უკვე საქართველოს გამოც მართებულად შეწუხდნენ აშშ-ის მოქალაქეები.

5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები კი არაა შორს”, – წერს გია აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.