პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა „იმედის კვირის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მოქალაქემ მათ მიაწოდა მტკიცებულება, თუ როგორ ესაუბრება ელენე ხოშტარიას დედა შუამავალს მოსკოვში და უხსნის, როგორ განახორციელოს მორიგი ტრანზაქცია რუსეთიდან.

„აქამდე პირდაპირ არ მინახავს, როგორ იღებდა ხოშტარია რუბლებს რუსეთიდან, მაგრამ ტანით ვგრძნობდი ამას. ახლა უკვე საჯაროდ გაცხადდა და დავინახეთ, რომ მისი ოჯახის წევრები ამ რუბლებს ითხოვენ და თან ცდილობენ, რომ ახლა ეს რუბლი ყელში არ გაეჩხიროთ და გადაახურდაონ. ფუნტ სტერლინგად მიიღონ თუ დოლარით შემოვიდეს – ამაზე მიდის მსჯელობა. არც ერთ ვალუტაზე უარს არ ამბობს და მისი ერთ-ერთი ლიდერის ციტატას მიჰყვება, რომ „ფულს სუნი არ უდის,“ თან, ამ დროს, სხვებს „ებრძვის“, ვითომ რუსეთის წინააღმდეგ არის – მაშინ, როდესაც რუსული განათლება აქვს, სპეცსამსახურები იქ აქვს გავლილი და დღემდე რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ეს არის ზუსტად ის ფარსი, რაშიც უნდათ, რომ საზოგადოება გახვიონ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.