„ნაცმოძრაობას და მათ პატრონებს სურთ, საქართველოში უმცირესობის პოზიციები დომინანტად აქციონ. სწორედ ამიტომაა, რომ ლგბტ პროპაგანდა არატრადიციული სექსუალური უმცირესობის უმრავლესობად ქცევის ინსტრუმენტად სურთ გამოიყენონ,” – წერს “ფეისბუკის” გვერდზე „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე.

“მათი მხრიდან რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის არაერთი სცენა გვინახავს და ახლაც აქვთ მცდელობა, რომ „სარწმუნოება“ „ერთობით” ჩაანაცვლონ, რომელიც, პირდაპირი მნიშვნელობით, დაყოფას ემსახურება.

ამდაგვარი, შეფარული ინსტრუმენტის ნაწილია შავი ფულის გაუმჭვირვალობის საკითხიც, რომელიც ასევე უმცირესობის მოთხოვნით მიუღებლად სურთ წარმოაჩინონ, არადა, ვინ დაიჯერებს, რომ გამჭვირვალობას გაუმჭვირვალობა ჯობს და შინაარსს – უშინაარსობა. განა წაუკითხაობა უხდება ახალგაზრდობას და ქვეყანას – მორჩილება? აი, რას ფიქრობს ამ საკითხებთან დაკავშირებით ქართველი ერი, ამას 29 აპრილს, მთავარ პოლიტიკურ მოედანზე თავად იტყვის და ხმას მთელ მსოფლიოს გააგონებს,” – წერს ხუნდაძე.