„როცა პირველად დავიწყეთ საუბარი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა და სხვა არაფერი, ამაზე ძალიან დიდი წინააღმდეგობა იყო არასამთავრობო სექტორისა და მაშინდელი ოპოზიციის მხრიდან. ისინი ამბობენ, რომ ეს არის ჰომოფობია, ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და თითქოს კარგად არ იყო გამოყოფილი, რისთვის იყო საჭირო. გავიდა რამდენიმე წელი და ნათელი გახდა, რისთვის იყო ეს ჩანაწერი, რადგან გაიზარდა მსოფლიო მასშტაბით ზეწოლა ყველა ქვეყანაზე და, მათ შორის, საქართველოზეც, რომ მსგავსი ჩანაწერი არ არსებობდეს და დაკანონდეს ერთი სქესის ადამიანების ქორწინება. არიან ქვეყნები, რომლებიც ამას აკანონებენ“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ამბროლაურში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვისას.

სოზარ სუბარის თქმით, ძალიან ძლიერი კანონები მიიღო ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის, პოლონეთმა და უნგრეთმა.

სუბარმა სახალხო დამცველის პოზიციაზე ყოფნის პერიოდი გაიხსენა და დღევანდელობასთან პარალელი გაავლო.

„რაც იყო კლასიკური უფლებები, უკანა პლანზე გადაინაცვლა და, ხშირ შემთხვევაში, ხდება მათი სრული იგნორირება. წინ წამოიწია მახინჯმა ფორმებმა, რასაც დღეს უწოდებენ ადამიანის უფლებებს, და ეს არანაირი უფლებები არ არის. დაახლოებით, 10 მილიონი ბავშვი არის მსოფლიოში, რომელიც იზრდება ოჯახებში, სადაც ორი მამა ან ორი დედაა. მეცნიერულადაა დადგენილი, რომ ასეთ ბავშვებში სამჯერ მაღალია მენტალური პრობლემები, ემოციური გადახრები, აშლილობის სხვადასხვა ფორმა. ბავშვის უფლებები ხომ ირღვევა, მაგრამ, ამავე დროს, ირღვევა გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დემოკრატიის ფუნდამენტია: საკმარისია, ასეთ ოჯახში გაზრდილმა ბავშვმა ისაუბროს, რა გადახდა მას ბავშვობაში, როგორ იზრდებოდა, რა სიძნელეების გადალახვა უხდებოდა, რომ მისთვის მაშინვე იკეტება ყველანაირი საინფორმაციო საშუალება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი შეფასებით, ანტიღირებულებების ძალით დანერგვა და მათი ღირებულებებად თავს მოხვევა და წარმოჩენა ხდება. „ჩვენ გვჭირდება, კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა – ჩვენი ეროვნულობა“ , – აღნიშნა სოზარ სუბარმა.