“გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, ვიზელიბერალიზაციის გაუქმებაზე ლაპარაკობდნენ, რაც ცალსახა უპრეცედენტობა და უტოპიაა, რადგან მას სრული კონსესუსი სჭირდება და, როდესაც ამ ტყუილში ვამხილეთ, დღეს მესიჯი შეცვალეს და დროებით შეჩერებაზე გადავიდნენ, რომლის ინიციირებასაც ქვეყნების უმრავლესობის თანხმობა სჭირდება, თუმცა, იმას არ ამბობენ, რომ ამავე დროს, საჭიროა ძალიან კონკრეტული და მკაცრად გაწერილი სამართლებრივი საფუძვლები, საიდანაც ბუნებაში არც ერთი არსებობს!” – წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ.

“აღარ იციან, რით ავნონ საკუთარ ქვეყანას. წარმოიდგინეთ, თეორიულ გზებს ეძებენ, როგორ შეიძლება, შეუჩერდეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაცია და მხარს უჭერენ რეზოლუციას, რომელიც მიმართულია სააკაშვილის გათავისუფლების, ივანიშვილის სანქცირების, გაუმჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდისკენ. მეტი ლუსტრაცია წარმოუდგენელია!

ჩვენი გზა გამჭვირვალობა, ოჯახური ღირებულებების დაცვა, ეროვნული პოლიტიკის კეთება და საქართველოს რეალური ევროპული გზაა, ქრისტიანული და დემოკრატიული, ღირსეული ევროპული გზა! ღირსებით ევროპისკენ!” – წერს მამუკა მდინარაძე “ფეისბუკის” გვერდზე.