“სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთებულმა განცხადებებმა, რასაც ასე ტირაჟირებენ ჩვენი ოპონენტები, კარგად გამოაჩინა მათი რეალური მიზნები – რა მიზნები აქვთ საკუთარ სამშობლოსთან დაკავშირებით და საკუთარ მოქალაქეებთან მიმართებით”, – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, უვიზო რეჟიმს საქართველომ სწორედ არსებული ხელისუფლების საქმიანობის შედეგად მიაღწია.

„უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან არის ის მიღწევა, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმის შედეგად და ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. ეს არის სწორედ ჩვენი საქმიანობის საფუძველზე მიღწეული ის შედეგი, რომლითაც სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები. რაც შეეხება გაუქმებას – როგორც უვიზო რეჟიმის მიცემაა პოლიტიკური გადაწყვეტილება რომელიმე სახელმწიფოსთვის, ისე გაუქმებაც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე ამის გაკეთება.

რაც შეეხება შეჩერების მექანიზმს, რაზეც დღეს დაიწყეს საუბარი, შეჩერების მექანიზმი, რომელიც ევროკომისიამ შეიმუშავა და დღეს არის შეთანხმებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ემსახურება ერთ მიზანს, – მაქსიმალურად მოხდეს წევრი ქვეყნების წუხილების დაკმაყოფილება, როდესაც საქმე ეხება არალეგალური მიგრაციის გაზრდას და, ზოგადად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის მიგრაციიდან გამომდინარე საფრთხეებთან გამკლავებას. არანაირი საფუძველი, რაც გაწერილია ევროკავშირის შესაბამის დოკუმენტში შეჩერების მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით არ არსებობს და ამის არც პანიკის და იმ აჟიოტაჟის საფუძველი არსებობს, რაც არის ატეხილი. ეს არის ძალიან კარგად გაწერილი პროცესი. თუკი ასეთი საფრთხის ქვეშ დგას ევროკავშირის წევრი რომელიმე სახელმწიფო, რომ მას საფრთხე ექმნება მიგრაციული ნაკადებისგან ან რეადმისიის შეთანხმების შეუსრულებლობისგან, მათ აქვთ უფლება, ევროკომისიას მიმართონ და ევროკომისიამ დაიწყოს მსგავსი პროცედურა, თუმცა, ამის საფუძვლები არის ძალიან კარგად გაწერილი და ეს საფუძვლები საქართველოსთან მიმართებით არ არსებობს.

ასევე, ჩვენ ევროკომისიასთანაც და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთანაც ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სწორედ იმ მიმართულებით, რომ მსგავსი საფრთხე საქართველოს არ შეჰქმნოდა, თუნდაც, ამ წლების განმავლობაში, რაც ამოქმედებულია უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩვენი თანამოქალაქეებისათვის”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.