„ევროპარლამენტის ეს – მორიგი რეზოლუცია ისევ და ისევ  ცრუ ინფორმაციას ემყარება და საქართველოში  დესტაბილიზაციის გამოწვევას ისახავს მიზნად”, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

“ეს, ბოლო რეზოლუცია, სხვა რეზოლუციებისგან განსხვავებით, იყო ამ მოწვევის ევროპარლამენტის ბოლო, მორიელივით კუდის მოქნევის მცდელობა, რათა რამენაირად ავნონ საქართველოს და ქართველ ხალხს. ამ რეზოლუციით პირდაპირ გადავიდნენ შანტაჟზე, – როდესაც ევროკომისიას მოუწოდეს, საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხს გადახედოს.

მინდა, საზოგადოებისთვის განვმარტო და ცხადი გავხადო ეს თემა-ვიზალიბერალიზაცია
ჩვენ მივიღეთ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ განვახორციელეთ მთელი რიგი რეფორმები, დავნერგეთ მთელი რიგი პრაქტიკა და ეს ყველაფერი ასოცირების შეთანხმების ნაწილია. რაც შეეხებოდა ვიზალიბერალიზაციას, ცალკე  გამოვყავით ე.წ. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმად, რომლის ფარგლებში საქართველომ უამრავი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის, დაიწერა სამი დარგობრივი სტრატეგია, მივიღეთ უამრავი კანონი და ა.შ.

მას შემდეგ, რაც მთელი რიგ რეფორმებზე დავდეთ ხელშესახები და რეალური შედეგები, ევროკომისიამ მოგვანიჭა ვიზალიბერალიზაცია. ასე რომ, მოსყიდული ევროპარლამენტარების გამო ევროკომისია, არც თხუთმეტი და არც ოცდაშვიდი წევრის თანხმობით, არავითარ შემთხვევაში არ გადახედავს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციას.

ამ დღეებში ვისმენთ ძალიან ბევრ სპეკულაციურ განცხადებას ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, რეალურად კი, ევროკავშირის მიერ ვიზალიბერალიზაციისთვის გადასახედად არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, იმიტომ, რომ ყველა კანონი და პრაქტიკა, რაც ამ კუთხით დავნერგეთ, გამართულად მუშაობს”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.