“უმცირესობაში დარჩენილ პოლიტიკურ ჯგუფებს სხვა გამოსავალი არ აქვთ, თუ არა დესტაბილიზაცია, და ეს არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას. პირიქით, ძალიან მძიმე მდგომარეობაა მსოფლიოში და ერთი საერთო ამოცანა უნდა იყოს წესით, – რომ როგორმე, სამშვიდობოზე გავიყვანოთ ჩვენი სამშობლო”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკი იმ ოპოზიციონერების მოწოდებებს აფასებს, რომლებიც აქციის მონაწილეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ და ვანდალიზმზე პასუხისმგებლობას არ იღებენ.

“არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიან ტრიბუნაზე, პოლიტიკურ სფეროში იჭრებიან, რაც კატეგორიულად დაუშვებელია; გამოდიან და მოუწოდებენ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომ იყვნენ აგრესიულები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს კანონის მიღების აუცილებლობაზე. და მეორე: ზუსტად უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი როცა არ აქვთ, რასაკვირველია, დესტაბილიზაცია არის ერთადერთი გამოსავალი, და ამას უკვე რამდენი ხანია, ვამბობთ. არათუ თვეები, წლები მიმდინარეობს ასეთი პროცესების განვითარების მცდელობა – 2019-ში, 2020-ში, 2022-ში, ახლაც. ასე რომ კალენდარულად შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ის მძიმე და პროვოკაციული მოწოდებები, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას ახასიათებს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.