„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას “ფეისბუკის” გვერდზე ეხმაურება.

„დღეს მიდის ბრძოლა იმასთან დაკავშირებით, თუ სად მიიღება გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებით – ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. კანონი ქართულია, იცავს ქვეყნის ინტერესებს და აძლიერებს მის სუვერენიტეტს. რადგან ამ კანონის ქართულობა შინაარსშიც იკითხება, სწორედ ამიტომ დაარქვეს მას რუსული და დაუკვეთეს წაუკითხავად მისი გაპროტესტება.

დღეს ჩვენი ქვეყნის რეალური სუვერენიტეტი მხოლოდ საქართველოს სურს.

ახალგაზრდების ის ნაწილი, ვინც თავისი ქვეყნის პოლიციას სამიზნედ ეძებს, ამაზე უნდა დაფიქრდეს და საკუთარი ხელით არ უნდა გააკეთოს ის, რაც მისსავე ინტერესს ეწინააღმდეგება. ამისთვის საჭიროა, რადიკალიზმი პატრიოტიზმით ჩაანაცვლოს და ზედაპირულად არ შეხედოს საკითხს. რა თქმა უნდა, ევროპა, მაგრამ სამშობლოს სუვერენიტეტის დაცვით და არა წაუკითხაობითა და ღირებულებებისგან დაცლით“, – წერს ხუნდაძე.