“როცა პოლიცია ამბობს, რომ არ გამოგვიყენებია რეზინის ტყვიები, ეს სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ, ვინაიდან, რომ გამოეყენებინათ, რისი სრული ლეგიტიმური უფლებაც ჰქონდათ (მით უმეტეს, აგრესიის ამ ხარისხის შესაკავებლად), ამას იტყოდნენ კიდეც. არ შეიძლება ამის დამალვა, ასე რომ, არაფერი დაიმალება. გამოძიება თუ საჭიროა, ამ თემაზეც გაიმართება, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ორგანიზებულ ჯგუფებთან გაქვს საქმე, აქ ყველანაირ პროვოკაციას შეიძლება ველოდოთ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ნებისმიერი ახალგაზრდის დაშავება არა მხოლოდ გულისტკივილს, არამედ შეშფოთებას იწვევს.

თვალის არეში, როგორც ადასტურებენ, ტყვია არ არის მოხვედრილი; ეს შეჯახებით ან რაღაც საგნის მოხვედრით შეიძლება იყოს გამოწვეული. მე რამდენადაც ვიცი, ამასთან დაკავშირებით ექიმმაც ილაპარაკა. კი, ეჭირა ერთ ადამიანს ტყვია, ამბობდა, რომ მას ზიანი არ მიუყენებია, თუმცა, ჟურნალისტი კატეგორიულად მოითხოვდა ეთქვა, რომ ძალიან მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული, ისევე, როგორც ჩვენ ვიხილეთ, რომ ადამიანი ამბობს, – არაფერი მჭირსო და მას მაინც თვალებს უწმენდენ. მინდა ვთქვა: ვინც არ უნდა იყოს, რომელი მხარის ახალგაზრდაც არ უნდა იყოს – და არა მარტო ახალგაზრდა – როდესაც არის დაშავებული, ეს არა მარტო ჩვენს გულისტკივილს, არამედ ჩვენს შეშფოთებას იწვევს, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოვხატავ მყარ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება პროვოცირება. სხვათა შორის, ნიუ-იორკის მერმაც განაცხადა, რომ არიან ადამიანები, ვინც სტუდენტებს უკეთებს ორგანიზებას, რათა რადიკალური პროცესები განავითარონ და დაპირისპირების ის ხარისხი მიიღონ, რომ როგორმე, ვინმე მძიმედ დაშავდეს. სამწუხაროდ, ამას ვადევნებთ თვალყურს და მინდა, რომ მშობლებსაც და ახალგაზრდებსაც მოვუწოდო, ფრთხილად იყვნენ; არსებობენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ამას განზრახ სჩადიან, რათა დაპირისპირება, როგორმე, მსხვერპლით დამთავრდეს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.