„დღეს რადიკალურმა ოპოზიციამ, პრაქტიკულად, ღიად გააფორმა ის, რასაც მალავდნენ წინა დღეებში, – პირდაპირ თქვეს, რომ აქციებს ამიერიდან ისინი ჩაუდგებიან სათავეში. ჩვენ ვთქვით ეს ორი დღის წინ, რომ შემდეგ დღეებში პირდაპირ იქნებოდა მცდელობა, ამ პოლიტიკურმა უმცირესობამ ძალადობრივი გეგმით გააგრძელოს აქციების მართვა და ის ძალადობაში გადაიყვანოს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ, “გამჭვირვალობის კანონის” საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით.

“დღეს უკვე “ნაციონალური მოძრაობა” რომ ჩაუდგა სათავეში აქციებს, ეს არის პირდაპირი გზავნილი ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ უკვე “ნაციონალური მოძრაობაა”ამ აქციების პატრონი და აქვს დიდი სურვილი, ეს პროტესტი ძალადობისთვის გამოიყენოს. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მოქალაქე, ვისაც აქვს მცირე ინფორმაცია მაინც, ვისაც ახსოვს ეს ხალხი ხელისუფლებაში, ვისაც მართლა სურს, რომ ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა, ადამიანის უფლებების დაცვა და ეკონომიკური განვითარება შენარჩუნდეს, რა თქმა უნდა, არ დადგება “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით და არ მისცემს საშუალებას არავის, რომ მათი მონაწილეობა აქციებში გამოიყენონ იმ ბნელი გეგმებისთვის, რაც აქვს ამ პოლიტიკურ რადიკალურ უმცირესობას”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.