“თუ ოპოზიციას მართლაც აქვს მხარდაჭერა და იმედი, რომ არჩევნების გზით შეუძლია ცვლილების მიღწევა, თუნდაც, „გამჭვირვალობის“ კანონის შეცვლა ან გაუქმება, საზოგადოებას აქვს კითხვა: რატომ ცდილობენ ასე, მთელი ძალით პროცესების ქუჩაში გადატანას? რატომ უპირისპირდებიან ასე გამჭვირვალობის პრინციპს, ანგარიშვალდებულებას, როდესაც, არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, შეუძლიათ, თავისუფლად გააუქმონ ან შეცვალონ?” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.

„ბევრ მოქალაქეს უჩნდება კითხვა: რატომ არის ამხელა წინააღმდეგობა ერთ კანონთან – გამჭვირვალობის მექანიზმების შემოტანასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც ექვს თვეში საპარლამენტო არჩევნებია და, როგორც ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები ამტკიცებენ, მათ გარანტირებული აქვთ გამარჯვება არჩევნებში, იმხელა მხარდაჭერა აქვთ საზოგადოებაში. თუ ეს ასეა, თუ მართლაც ეს მხარდაჭერა და იმედი აქვთ, რომ არჩევნების გზით შეუძლიათ ცვლილების მიღწევა, თუნდაც, ამ კანონის შეცვლა ან გაუქმება, მაშინ ჩვენს საზოგადოებას აქვს კითხვა: რატომ ცდილობენ ასე მთელი ძალით პროცესების ქუჩაში გადატანას და რატომ უპირისპირდებიან ასე გამჭვირვალობის პრინციპს, ანგარიშვალდებულებას და კანონს ამის შესახებ მაშინ, როდესაც, როგორც თვითონ ამბობენ, არჩევნებში წარმატების შემთხვევაში, შეუძლიათ თავისუფლად გააუქმონ ან შეცვალონ. შეუძლიათ, თავიანთი საარჩევნო კამპანია საერთოდ ამაზე დააფუძნონ, დაპირდნენ ხალხს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ამ კანონს შეცვლიან ან გააუქმებენ და მერე ვნახოთ, საზოგადოებას ვისი სჯერა და ვის უჭერენ მხარს ჩვენი მოქალაქეები, მაგრამ ამას არ აკეთებენ ერთადერთი მიზეზით – მათ არ აქვთ არჩევნებში რაიმე შედეგის მიღების საშუალება. ჩატარებული აქვთ არაერთი კვლევა, სადაც ჩანს, რომ წინა კვლევებთან შედარებით, ამ პოლიტიკურ უმცირესობას აქვს მინიმალური მხარდაჭერა, კლებადი ტენდენცია საზოგადოების მხარდაჭერის კუთხით. სწორედ ამიტომ გადადიან ძალადობრივ სცენარზე და ცდილობენ, ამისთვის ახალგაზრდები და პროტესტში მონაწილე მოქალაქეები გამოიყენონ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.