„როდესაც შენში თავისუფლებას ალტერნატივა არ გააჩნია, მხოლოდ მაშინ ხარ ჭეშმარიტად თავისუფალი. მაშინ არ ხდება შენში ძალთა თანაფარდობის კალკულაცია – ვინ დგას შენ გვერდით და ვინ გეწინააღმდეგება. ეს ამოვიკითხე პრემიერ-მინისტრის გუშინდელი ინტერვიუს დროს“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

„მართალია, ამ წმინდა პოლიტიკურ გზავნილებში არ ითქვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვერდში მდგომ ძალებში იგულისხმებოდა: საქართველოს გენეტიკური კოდი, ზეციური ძალები, საზოგადოების უმრავლესობის ერთსულოვნება, ჩვენი დედა ეკლესია და ხელისუფლების სიმტკიცე – პირველად ჩვენს უახლეს ისტორიაში, მოვიპოვოთ რეალური და არა ბუტაფორიული დამოუკიდებლობა. ამ უმძიმეს და ურთულეს გზაზე – რასაც ასევე ხაზი გაუსვა პრემიერმა – გამოიკვეთა ჩვენი ძირითადი მოწინააღმდეგე “გლობალური ომის პარტიის” სახით და მისი მთავარი იარაღი: რადიკალური NGO- სექტორი და მისი გაუმჭვირვალობა. თუკი აშშ-ში (რომელიც “გოპნიკების” ასევე მთავარი მსხვერპლია) პოლიტიკურ პროცესებს რეალურად განაგებს ე.წ. deep state-ი, რომლის ძალაუფლება სწვდება ევროკავშირის მძევლობაში აყვანასაც, პოსტსაბჭოურ სივრცეში და, რა თქმა უნდა, საქართველოში, სწორედ რადიკალურ NGO-სექტორს ეკისრება ამ “სიღრმისეული და კულუარული” “სახელმწიფოს სახელმწიფოში” ფუნქცია.

მათ გააჩნიათ აღურიცხავი და გაუმჭვირვალე დაფინანსება; ისინი მეტნაკლები წარმატებით აკონტროლებენ ქვეყნის მთელ რიგ ფუნქციონალურ სფეროებს. მათი ძირითადი მიმართულებაა: თვითმყოფადი, სუვერენული, ტრადიციული საზოგადოებების მაქსიმალური “გაუბრალოება”, ეროვნული ხელისუფლებების ფერადი რევოლუციების გზით მარიონეტული მთავრობებით ჩანაცვლება და ამ გზაზე ხელისშემშლელი ფაქტორების (პირველ რიგში, ეკლესიისა და ოჯახური ღირებულებების) მაქსიმალური დასუსტება/მოსპობა.
დღეს, გასაგები თავმოყვარეობის გამო, ღიად ბევრი ვერ განაცხადებს, რომ იმავე ამერიკასა თუ ევროპაში საქართველოს დიდი ინტერესით აკვირდებიან კონსერვატიული და ლიბერალური ფაშიზმის ტყვეობაში მყოფი ძალები – გამოუვა თუ არა ქართველ “დავითს” ამ საერთაშორისო “გოლიათის” დამარცხება. ეს ყველაფერი კარგად ესმის “გოლიათსაც” – მარცხის შემთხვევაში, “დომინოს პრინციპის” ეფექტით რა კატასტროფულ შედეგებს მოიმკის ათობით წლების განმავლობაში მათი წვალებით აშენებული ფსევდოლიბერალური იმპერია.

ამიტომაც, მსოფლიოში განვითარებული გლობალური კრიზისების მიუხედავად, “გოპნიკების” ხელთ არსებული ყველა ძალა და საშუალება გადასროლილი აქვთ საქართველოზე, გარდაუვალი მარცხის თავიდან ასარიდებლად. ერთ-ერთი უკანასკნელი იყო “ვენეციის კომისია”, რომელმაც, მიღებული დავალების თანახმად, საკუთარი ხელით დაასამარა თავისი მიუკერძოებელი სამართლებრივი არბიტრის იმიჯი. ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც ეწინააღმდეგება “გოპნიკების” მიერ მათთვის მორჩილი მონების მორგებულ როლებს (მაგ., სტრასბურგის ადამიანის უფლებებისა და ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოები). ვნახოთ, გაუძლებენ თუ არა ზეწოლას. ჩვენ ამაში წარმატება ვუსურვოთ.

ჩვენ კი, სხვა ალტერნატივა არა გვაქვს. მონობა, ლაქიაობა, მარიონეტობა თავისუფლების ალტერნატივად არც კი განიხილება – ისევე, როგორც არ შეიძლება, ოჯახში პირადი ტრაგედია გამოიყენო ლოთობისა და სოციალური დეგრადაციის გამართლებად, მაშინ, როდესაც ობლად დარჩენილი ბავშვები გყავს ფეხზე დასაყენებელი. დღეს კი, ფეხზე დასაყენებელი საქართველოა. და “გლობალური ომის პარტიას”, მისთვის ამ ამოუცნობ, პატარა და, ამავე დროს, ძლიერ ფენომენთან გარდაუვალი შეგუება მოუწევს“, – წერს დავით ქართველიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.