“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში”,- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 24 ივნისს გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომლის თანახმად საქართველო ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შეფასების უმაღლეს საფეხურზეა და უკვე მე-9 წელია ინარჩუნებს ადგილს ე. წ. პირველ კალათაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობის მიერ გაძლიერდა სამართალდაცვითი ღონისძიებები ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და პოზიტიურადაა შეფასებული სისხლის სამართლის კოდექსში ტრეფიკინგის ჩადენისთვის დაწესებული სასჯელები.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სპეციალიზებული დანაყოფები, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შემადგენლობაში არსებული ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო და მისი 6 მობილური ჯგუფი, ასევე აჭარის რეგიონში მოქმედი სპეციალისტთა ჯგუფი – ე.წ. TASK FORCE, რომელიც დაკომპლექტებულია სპეციალიზებული გამომძიებლებითა და პროკურორებით.
დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული დანაყოფები ახორციელებენ ტრეფიკინგის რისკ-ჯგუფში მყოფი ადგილების შემოწმებას (მათ შორის, ღამის კლუბების, ბარების, კაზინოების და ა.შ.) ტრეფიკინგისა ფაქტების პროაქტიული გამოვლენის მიზნით. ანგარიშში ასევე მიმოხილულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შრომის ინსპექციის მიერ ჩატარებული ერთობლივი ინსპექტირებები.
დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში ტარდებოდა სხვადასხვა კურსები პოლიციელთათვის ტრეფიკინგის საკითხებზე, აგრეთვე, მითითებულია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდებოდა გამომძიებლების, პროკურორებისა და შრომის ინსპექტორების გადამზადება ტრეფიკინგის დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე.
ანგარიშს ტრადიციულად ახლავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.