“კონკრეტულად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში განსაკუთრებული ღალატის ქრონიკა იწყება 2008 წლის ომიდან ორი თვის შემდეგ, როდესაც მათ მოაწერეს ხელი [რეზოლუციას], რომლითაც ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს ომის დაწყებაში და, ზუსტად იმავე ადგილას, გუშინ და გუშინწინ, მაშინ, როდესაც მთელი საქართველო ეროვნული ნაკრების უპრეცედენტო წარმატებას ზეიმობდა, „ნაცმოძრაობა“ აინიცირებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს ამორიცხვის საკითხს – არც მეტი, არც ნაკლები. უბრალოდ, ეს ვერ მოხვდა შესაბამის პროექტში”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობდა.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია ცდილობს, საერთაშორისო საზოგადოებიდან საქართველოს იზოლაცია მოხდეს და შემდეგ ეს ხელისუფლებას დაბრალდეს. მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ ევროსაბჭოში ინიციირებულ საკითხს ოპოზიციური მედია განზრახ არ აშუქებს.

„არსებობს მათი 3-4 ტელევიზია, მედიასაშუალება და, მიუხედავად იმისა, რომ მთელი საინფორმაციო ველი ობიექტური მედიასაშუალებებისა მოვლილი აქვს ამ ამბავს, რომელიმეს ერთი სიტყვა თუ დსაცდა ამასთან დაკავშირებით? აწი რას იზამენ ჩემი სიტყვების შემდეგ, არ ვიცი, მაგრამ ნახეთ, ახლა რომელიმეს, ჩამოვთვლი, თუ გნებავთ: „მთავარს“, „TV პირველს“, „ფორმულას“, სხვა მედიაპლატფორმებს ერთი სიტყვა თუ აქვთ ამ უპრეცედენტო ღალატზე დაცდენილი, – რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში მათი ინიციირებითა და მხარდაჭერით დგებოდა საკითხი, რომ საქართველო უნდა ამორიცხულიყო. ანუ ისინი ყველაფერს ცდილობენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებიდან საქართველოს იზოლაცია მოხდეს, და შემდეგ მოდიან და რატომ აშორებთ საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოსო, – გვეკითხებიან. შენ აშორებ! – გიდგენენ. თვითონ იღვწიან, რომ ეს გააკეთონ, სიტყვით კი, შენ აშორებო, – გეუბნებიან და თან პასუხს გთხოვენ ამაზე, როდესაც საქმით იმას აკეთებენ, რა ტექსტიც გავშალეთ ჩვენ ტელეფონებში და წავიკითხეთ და ვერ დავუჯერეთ საკუთარ თვალებს. სამჯერ გადავამოწმე პიარის თანამშრომლებთან, მართლა ეს ტექსტია თუ არა-მეთქი, გადავამოწმე გივი მიქანაძესთან და მეოთხე გადამოწმების შემდეგ ავდექი და მოვყევი თქვენ წინაშე, ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთ რაღაცას აინიცირებდნენ; რამე ინტერპრეტაციას ხომ არ აქვს ადგილი-მეთქი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.