„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტში პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის მოსმენისას სიტყვით გამოვიდა.

„დღეს თქვენ წინაშე ირაკლი კობახიძე გამოვიდა და თქვა, რომ „ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა, მაქსიმალურ მოტივაციასაც სჭირდება წახალისება“. შეიხედეთ სოციალურ ქსელში, რა ამბავი ატეხეს. ანუ კობახიძის აზრით, 30 მილიონი ლარი ყოფილა ფეხბურთელებისათვის ესპანეთთან მოგების შანსების გამზრდელი სტიმული. პრემიერის სიტყვებზე – რომ ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, ააგეს კამპანია სოციალურ ქსელში. ასეთი სტილის მდაბიო და ყოვლად ამორალურ “ფეიკებს” სჭირდება გამკლავება და მთავარია, ჩვენ ვიყოთ მართლები. ამ სიმართლეში პარლამენტი, რა თქმა უნდა, მთავრობის, პრემიერისა და მინისტრების გვერდით იქნება, და ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა – დეზინფორმაცია, გარდა მშვიდობისა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა, გარდა ჭეშმარიტად ევროპული ქრისტიანული გზისა, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისა, გარდა იმისა, რომ სასამართლო, სხვადასხვა სისტემა საქართველოში იყოს რეალურად დამოუკიდებელი, იმიტომ არის, რომ დეზინფორმაცია არის ყველა მავნებლობის საწყისი. ამ დეზინფორმაციას არ ექვემდებარება ქართველი ხალხი და ამიტომ არის, რომ ჩვენ მყარად ვდგავართ ორ ფეხზე და ღირსებით, ნამდვილი, გულწრფელი სიამაყით შევაღებთ ევროპის კარს, და ეს იქნება იმის ხარჯზე, რომ საქართველო აღარასდროს დაუშვებს, რომ ქვეყანა გარედან იმართებოდეს. საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.