“როდესაც გავიგეთ, რომ ჩვენი ნაკრები გერმანიაში თამაშობდა, პრემიერ-მინისტრს ჰქონდა იდეა, ინიციატივა, უმოკლეს ვადებში, ეკონომიკის სამინისტროს გვეზრუნა იმაზე, რომ მეტ ქომაგს ჰქონოდა საშუალება, ეგულშემატკივრა ჩვენი ნაკრებისთვის გერმანიაში”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, პროექტმა, რომელიც გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ავიაბილეთების სუბსიდირებას ითვალისწინებდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
„ორი ძირითადი გამოწვევა იყო: 1. ადამიანები ტრანზიტული გზით, გადაჯდომით არ წასულიყვნენ გერმანიაში, რაც დროსთან და რესურსთან არის დაკავშირებული. 2. ავიაბილეთები ხელმისაწვდომი ყოფილიყო, შესაბამისად, ყოფილიყო სუბსიდირებული. შემიძლია დღეს შევაჯამო, რომ ამ პროექტმა და პროექტისადმი მოთხოვნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
მჭიდროდ ვიმუშავეთ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან და თითოეულ მათგანს დიდ მადლობას ვუხდი. ჩვენ ავაწყვეთ რეისების გრაფიკი; ძირითადად, ჩართული გვყავდა ქართული ავიაკომპანიები, რაც ავიაკომპანიების მიმართ ერთგვარი მხარდაჭერაც იყო, რადგან ჩვენ შევასრულეთ 41-მდე ჩარტერული რეისი, რისი საშუალებითაც 6524 ავიაბილეთი გაიყიდა საქართველოდან გერმანიის მიმართულებით.
ყველაზე მეტი მოთხოვნა ბოლო მატჩის დროს იყო და, მიუხედავად დროის სიმცირისა, ჩვენ უზრუნველყავით, რომ შესრულდა არაერთი ჩარტერი. ერთი მიმართულებით ავიაბილეთის ღირებულება იყო 195 ევრო, დანარჩენ კომერციულ ტარიფს სახელმწიფო თავის თავზე იღებდა. მოთხოვნიდან გამომდინარე, უცხოურმა ავიაკომპანიებმა ასწიეს ფასი და ამიტომ გაუჩნდა პრემიერს იდეა, რომ ერთი მხრივ, მეტი ადამიანის მოგზაურობისთვის შეგვექმნა ჩარტერული რეისებისთვის სივრცე და, მეორე მხრივ, ასეთი ძვირი ტარიფებით არ ემოგზაურათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ფასი გადამწყვეტი იყო და განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რომ ყველა, ვინც ამ სპეცჩარტერით იმგზავრა, აღნიშნავდა: რომ არ ყოფილიყო სუბსიდირებული ტარიფი, ამდენი ადამიანი ვერ შეძლებდა წასვლას“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.