„ნიკა გვარამიას ვიღაცის თვალი ეცა და რაღაც სეგმენტზე მუშაობა გადაწყვიტა, და მიხვდა, რომ რასაც ლაპარაკობდნენ, იყო სპეკულაციური, იყო მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი და ახლა ცდილობს, რომ სეგმენტი, რომელიც ობიექტურად ფიქრობს, რამენაირად მოიმხროს“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის – ნიკა გვარამიას განცხადების შესახებ დასმულ კითხვას, სადაც გვარამია რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბრობს და აცხადებს, ტურისტების შემოდინება და ფრენების აღდგენა საზოგადოების დაკვეთაა.

„მან [ნიკა გვარამია] მოინდომა ოდნავ მაინც სიმართლესთან დაახლოება – რომ, მაგალითად, სანქცია დამაზიანებელია არა რუსეთისთვის, არამედ საქართველოსთვის, რასაც ისინი ითხოვდნენ. ფრენები არის კარგი იმიტომ, რომ ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე არის რუსეთში და ა.შ. და, როგორც ჩანს, მან მოინდომა, რომ იმ ადამიანების, ვისაც ობიექტურად ფიქრის საშუალება აქვთ, გული მოიგოს სიმართლის ლაპარაკით. თუ ხანდახან რაღაც სიმართლეს გამოურევენ ხოლმე, ჩვენ არ უნდა შეგვეშალოს, იმიტომ, რომ ერთი და ორი წლის წინ ისინი ისეთივე სპეკულაციურ ტყუილებს ლაპარაკობდნენ, როგორც სხვა დანარჩენები. ნიკა გვარამიამ რაღაც სეგმენტზე მუშაობა გადაწყვიტა და მიხვდა, რომ რასაც ლაპარაკობდნენ, იყო სპეკულაციური, იყო მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი და ახლა ცდილობს, რომ სეგმენტი, რომელიც ობიექტურად ფიქრობს, რამენაირად მოიმხროს, მაგრამ მისი ბნელი წარსულის, ძველი განცხადებებისა და მისი პარტიის აგენტურული მოქმედებების შესახებ ყველამ იცის და ვერ მოატყუებს ხალხს, რაც არ უნდა მესიჯები გაასწოროს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.